საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა აღნიშნულ ქვეყნებთან საქართველოს პარტნიორული, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარება, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით აღნიშნულ ქვეყნებში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესების შესწავლის საფუძველზე საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობათა პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებით.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
ა) აზიის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან პარტნიორული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება, მათთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა აღნიშნული რეგიონების ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების გზით;
ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საგარეო საქმიანობისა და კავშირ-ურთიერთობის კოორდინაცია და მათი შეთანხმებული ურთიერთმოქმედების ხელშეწყობა დაფარვის რეგიონების სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ერთიანი კურსის გატარების მიზნით;
გ) დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო, რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით;
დ) დადგენილი წესით საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.
დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან მოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
ბ) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
გ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დაუგზავნოს რეკომენდაციები კომპეტენციის სფეროში შემავალი მიმართულებებით საგარეო-პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვისა და ხელშეწყობის თაობაზე.