საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველყოფა, საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; საქართველოს სხვადასხვა უწყების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია; საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა-შენახვა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობით და სხვა მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადების კოორდინაცია.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
ა) დადგენილი წესით მოამზადოს წინადადებები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს დაინტერესებულ უწყებებთან და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ან დამოუკიდებლად აწარმოოს მოლაპარაკებები უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
გ) აუცილებელი წესით, მიიღოს მონაწილეობა საქართველოს საერთაშორისო ხელშკრულებების დადებასთან, ტექსტის მიღებასთან, შეწყვეტასთან ან შეჩერებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში;
დ) მოამზადოს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარუდგინოს წინადადებები საგარეო პოლიტიკის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დიპლომატიური სამსახურის საკითხებზე საკანონმდებლო და სხვა სახის ნორმატიული აქტების მიღების მიზანშეწონილობის თაობაზე, ასევე აუცილებელი წესით მიიღოს მონაწილეობა სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ასეთი წინადადებების შემუშავებაში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში იქონიოს პირდაპირი კავშირები საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ვ) დაამყაროს ურთიერთობა საქართველოს სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციასთან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს მათგან თავისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი დახმარების გაწევა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქართველოში აკრედიტირებული უცხო ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის;
თ) საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა-შენახვა;
ი) საქართველოს სახელით საერთაშორისო ხელშეკრულებების დეპოზიტარის ფუნქციის შესრულება;
კ) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობით ან სხვა მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების საერთო კოორდინაცია;
ლ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე საერთო ზედამხედველობის განხორციელება;
მ) თავისი ფუნქციების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძო და საჯარო სამართლის სუბიექტებთან, ასევე საქართველოში აკრედიტირებულ უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება;
ნ) დეპარტამენტის თანამშრომლების საქართველოსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
ო) დონორებიდან თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო დახმარების მოზიდვა სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურებთან შეთანხმებით და მოზიდული დახმარების ათვისება;
პ) კომპეტენციაში შემავალი საკითხების დარეგულირების მიზნით მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა.