უპირველეს ყოვლისა, მსურს გულწრფელი მადლიერება გამოვხატო კანადის მთავრობისა და, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ანანდის მიმართ, ტორონტოში ამ მნიშვნელოვანი მინისტერიალის მოწვევისა და მასპინძლობისთვის.
უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და მისი შედეგები სცდება ბრძოლის ველს და უდიდეს ტანჯვას აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას.
უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო ტყვეების მდგომარეობა ჩვენს მუდმივ და ერთობლივ ყურადღებას საჭიროებს.
რაც დღეს მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ომი მხოლოდ სიცოცხლის დაკარგვასა და ინფრასტრუქტურის განადგურებით გამოწვეულ ზარალს არ ნიშნავს.
ომი მტკივნეულად აისახება გახლეჩილ ოჯახებზე, მშობლიურ სახლებსა და საყვარელ ადამიანებს მოწყვეტილ ბავშვებზე, თავისუფლებაწართმეულ მშვიდობიან მოქალაქეებსა და დაბრუნების მოლოდინში მყოფ სამხედრო ტყვეებზე.
საქართველოსთვის ეს საკითხები განსაკუთრებით მტკივნეულია.
კონფლიქტისა და ოკუპაციის შედეგად მიღებულმა მძიმე გამოცდილებამ გვასწავლა ომის გრძელვადიანი ჰუმანიტარული შედეგების სიმძიმე.
რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაციამ ასობით ათასი ადამიანი დევნილად აქცია და მათ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ, ნებაყოფლობით და ღირსეულად დაბრუნების ფუნდამენტური უფლება შეუზღუდა.
ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების ერთმანეთისგან გახლეჩით გამოწვეული ტკივილი.
ეს გამოცდილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს რწმენას, რომ საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი უნდა ქმნიდეს ჩვენი ერთობლივი რეაგირების საფუძველს.
საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიით განმტკიცებული პრინციპების შესაბამისად.
ამასთანავე, მშვიდობას თან უნდა ახლდეს ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული პრინციპების პატივისცემა.
საქართველო კვლავ მტკიცედ იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით და მხარს დაუჭერს საერთაშორისო სამართლის, ადამიანის ღირსებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიით განმტკიცებული პრინციპების დაცვას.