Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლა „ᲓᲔᲚᲤᲝᲡᲘᲡ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲤᲝᲠᲣᲛᲘᲡ” ᲤᲐᲠᲒᲚᲔᲑᲨᲘ ᲒᲐᲛᲐᲠᲗᲣᲚ ᲡᲔᲡᲘᲐᲖᲔ - „ᲮᲛᲔᲚᲗᲐᲨᲣᲐ ᲖᲦᲕᲘᲓᲐᲜ ᲨᲐᲕ ᲖᲦᲕᲐᲛᲓᲔ: ᲔᲕᲠᲝᲞᲘᲡ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲐᲠᲢᲧᲔᲚᲘ“

ჩემთვის დიდი პატივია დღევანდელ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობის მიღება ევროპისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან თემაზე.

საქართველო ესწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებას, ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი  2022 წელს გავაკეთეთ. მაგრამ ეს სწრაფვა იმ დღეს  არ დაწყებულა. თუ ისტორიას გადახედავთ, საქართველომ უამრავი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საბჭოთა თუ პოსტ-საბჭოთა ქვეყნიდან თანამედროვე და ქმედით დემოკრატიად ქცეულიყო. საქართველომ მთელ რიგ წარმატებას მიაღწია ეკონომიკის სფეროში და მაღალი პოზიციები დაიკავა საერთაშორისო რეიტინგებში, კერძოდ, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, ასევე ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების მიმართულებით.

ბუნებრივია, ჩვენ ხშირად გვესმის კრიტიკა ევროკავშირის მხრიდან რასაც თავისი ლოგიკა აქვს და დაკავშირებულია რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან. 

საქართველოს ხედვა ძალიან მარტივია. ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ განვითარებისთვის უაღრესად რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რაც საქართველოს უკიდურესად სენსიტიურ და  ამავდროულად მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების კონტექსტში. ბუნებრივია, ჩვენი მოწყვლადობის ხარისხი სულ უფრო იზრდება.

ვფიქრობ არ მჭირდება იმის შეხსენება, რომ საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელიც ინარჩუნებს უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ამ ორ რეგიონში.

ჩვენ არ ვართ ნატოს წევრი და არც რომელიმე სხვა სამხედრო ალიანსის ნაწილი, რაც საქართველოს კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

მეორეს მხრივ, თუ რუკას შევხედავთ, აშკარაა, თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს გეოგრაფიული მდებარეობა საქართველოს,   როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ ქვეყანას. ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობაა როგორც ევროკავშირის ისე საქართველოსთვის, და ამ შესაძლებლობაზე ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ.  

ჩვენ ვსაუბრობთ შავ ზღვაზე. დღეს შავი ზღვა ევროკავშირსა და კონტინენტის დანარჩენ ნაწილს შორის გამყოფი ზღვის  ფუნქციას ასრულებს. მაგრამ გეოპოლიტიკური საკითხი მდგომარეობს იმაში თუ რა გვინდა მომავალში: გვინდა, რომ შავი ზღვა კვლავაც გამყოფ ზღვად დარჩეს თუ ის დამაკავშირებელ ზღვად ტრანსფორმირდეს? ვფიქრობ, ამ მიმართულებით ერთად უნდა ვიმუშაოთ. 

შავი ზღვის საკითხი როგორც  ერთობლივ მუშაობას, ისე საერთო ხედვას უკავშირდება. ჩვენი ხედვა ცალსახაა: გვინდა ჩვენი ქვეყანა არსებობდეს უსაფრთხო გარემოში, და ის  განაგრძობდეს განვითარებას. თუ ციფრების მიხედვით ვიმსჯელებთ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია. ასევე არის უამრავი შესაძლებლობა, რომ საქართველომ არა მარტო სარგებელი მიიღოს, არამედ წვლილი შეიტანოს ევროპულ პროექტში. ეს არის ის საკითხი რაც ევროკავშირთან უნდა განვიხილოთ. საქართველოს აქვს მისწრაფება და ნება, რომელიც საუკუნეებს ითვლის და ერთადერთი რისი დანახვაც გვინდა ევროკავშირისგან,  ეს არის იმ გეოპოლიტიკის და იმ ნაბიჯების გააზრება, რომლებიც ერთობლივად უნდა გადავდგათ, რათა საქართველო, და არა მხოლოდ საქართველო,  მოაზრებულ იქნას ევროპული პროექტის ნაწილად. 

განსაკუთრებით გაწევრიანებაზე შეტანილი განაცხადის შემდგომ, ევროპული ინტეგრაცია  საქართველოში სულ უფრო მეტად გამოიყენება როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, რაც ზიანს აყენებს მთელ პროცესს. ეს არის ის,  რაც თავიდან უნდა ავიცილოთ - ვგულისხმობ ევროპული ინტეგრაციის როგორც იარაღის გამოყენებას. ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ ამ პროცესის ინსტრუმენტალიზაცია, რადგან საბოლოო ჯამში ეს ზიანს აყენებს გაფართოების და გაწევრიანების მთლიან იდეას, განსაკუთრებით, იმ რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რომელშიც საქართველოში უწევს არსებობა.

მოდით ვიყოთ გულწრფელი და სამართლიანი. საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე, საქართველოს არასდროს შეუჩერებია პროცესი, თუმცა ჩვენ გვაბრალებენ რომ ეს გავაკეთეთ. ფაქტი ისაა, რომ მოლაპარაკებების პროცესი არასდროს დაწყებულა საქართველოსთან და ეს არის ევროპის მხარის გადაწყვეტილება.  ჩვენ ხშირად და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ როდესაც ევროპელი ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას  საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, საქართველო მზად არის პროცესის დასაწყებად.

ჩვენის მხრივ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია და საქმე მხოლოდ ევროპული მხარის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში არაა, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ რისი გაკეთება გვმართებს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დაკავშირებულია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან, ეს არსებითია და ამოსავალი წერტილია, მის გარეშე შეუძლებელი იქნება ნებისმიერ სხვა საკითხზე საუბარი. ასე რომ, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება ნომერ პირველი პრიორიტეტია.

კიდევ ერთი პრიორიტეტია ეკონომიკური განვითარების დინამიკის შენარჩუნება, რაც დღეის მდგომარეობით შთამბეჭდავია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ამ მზარდი მაჩვენებლების შენარჩუნება, რაც ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივიდანაც, ვინაიდან ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი ქვეყანა სხვა ევროპულ სახელმწიფოებს შორის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც დღეს უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ვიდრე საქართველოს. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია გავხდეთ კონკურენტუნარიანი ევროკავშირში, რაც ჩვენგან უამრავ რეფორმას საჭიროებს.