ჩვენთვის დიდი პატივია, ქართული დიპლომატიის დღე თქვენთან ერთად აღვნიშნოთ.
დიპლომატიური სამსახური სახელმწიფოს სახეა. ქვეყნის სახელით საუბარი განსაკუთრებული პრივილეგიაა და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა. თითოეული დიპლომატის უკან დგას სახელმწიფო - თავისი ეროვნული ინტერესებით, ისტორიითა და ხალხით. სწორედ ამაშია ჩვენი ძალა და, ამავე დროს, ჩვენი პასუხისმგებლობის უმთავრესი საფუძველი.
დღეს ქართული დიპლომატიის დღეს აღვნიშნავთ.
ჩვენი ქვეყნის ისტორიას ხშირად არ მოუცია შესაძლებლობა, ეროვნული ინტერესები დიპლომატიური გზებით დაგვეცვა. საუკუნეების განმავლობაში საქართველოს უწევდა ბრძოლა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად.
ურთულეს რეგიონში და სწრაფად ცვალებად თანამედროვე გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენი სახელმწიფოსთვის ბრძოლა დღესაც არანაკლებ რთულია. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი დიპლომატია იყოს.
ამისათვის ვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს მშვიდობის შესანარჩუნებლად, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად და ისეთი საერთაშორისო გარემოს ხელშესაწყობად, რომელიც საქართველოს განვითარებისა და გაძლიერების შესაძლებლობას მისცემს.
თანამედროვე მსოფლიოში სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების სიძლიერის მნიშვნელობა ყოველდღიურად უფრო თვალსაჩინო ხდება. საქართველომ ეს გამოწვევა საკუთარ თავზე მძაფრად გამოსცადა.
ჩვენი ხალხის მხარდაჭერითა და ხელისუფლების უკომპრომისო მოქმედებით შევძელით სახელმწიფოებრივი სტაბილურობის შენარჩუნება, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და მშვიდობიანი განვითარების პირობების შექმნა.
ძლიერ ინსტიტუტებს ძლიერი პროფესიონალები ქმნიან. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატების არაერთი თაობა აღზარდა, რომელთა პროფესიონალიზმი, გამოცდილება და ქვეყნისადმი ერთგულება ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვანი საფუძველია.
მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ დიპლომატს, ვინც თავისი პროფესიონალიზმით, პრინციპულობითა და ერთგულებით ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
გამოცდილი დიპლომატების გვერდით საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა, განათლებული, თანამედროვე გამოწვევებსა და საჭიროებებზე მორგებული თაობა, რომელიც აქტიურად ჩაერთვება საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაში.
მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმ მნიშვნელოვანი ინიციატივებისთვის, რომლებიც სწორედ ახალგაზრდა თაობის სახელმწიფო სამსახურში მოზიდვასა და პროფესიულ განვითარებას ემსახურება. ამ ინიციატივების შედეგად, ყოველწლიურად საგარეო საქმეთა სამინისტროში ათობით ახალგაზრდას ეძლევა შესაძლებლობა, ჩაერთოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელების რთულ პროცესში და საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაში.
დიპლომატიური აკადემიის შექმნის ისტორიული გადაწყვეტილება კი მომავალი წლიდან ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ, საკუთარი პროფესიული მომავალი დიპლომატიას დაუკავშირონ.
დიპლომატია განსაკუთრებული სიფაქიზისა და პასუხისმგებლობის ხელოვნებაა, სადაც თითოეულ სიტყვას შეუძლია იქცეს როგორც დაპირისპირების, ისე დიალოგისა და შეთანხმების ინსტრუმენტად. ორი რეგიონის ოკუპაციის პირობებში, ქართველი დიპლომატების უმთავრესი მისია მშვიდობის შენარჩუნება და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხებზე საერთაშორისო მხარდაჭერის განმტკიცებაა.
საქართველოს პოტენციალის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაში წვლილის შეტანა დიპლომატების არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმეა.
ჩვენი არჩევანი მშვიდობაა, ხოლო მშვიდობის დაცვა ისე, რომ არასოდეს დავთმოთ ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ეროვნული ინტერესები, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა.
სწორედ ამ სულისკვეთებით, ქართველი დიპლომატების პროფესიონალიზმით, გამოცდილებითა და ქვეყნისადმი ერთგულებითა განვაგრძობთ ბრძოლას საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისთვის.
კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ დიპლომატის დღეს!
მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს გაწეული სამსახურისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვასა და საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენაში.
გისურვებთ წარმატებებს, წინსვლასა და ბევრ მნიშვნელოვან გამარჯვებას საქართველოს სამსახურში!