Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ სამუშაო სესიაზე - „დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი.“

პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე საუბრისას, აუცილებელია განვიხილოთ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები.

ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბრისას, ჩვენ არ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ევროკავშირი და მისი არაწევრი ქვეყნები, რადგან ჩვენ საერთო საჭიროებები და საერთო ინტერესები გაგვაჩნია.

უსაფრთხოება არის ის, რაც ყველას სჭირდება.

გამოცდილებამ ეს უკვე გვაჩვენა.

თუ გადავხედავთ 2008 წელს და ასევე მანამდე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ასევე თუ შევხედავთ იმას, თუ როგორ მოქმედებს უკრაინის ომი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ცხადი გახდება, რომ ევროკავშირის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე.

საქართველოს პერსპექტივიდან, ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს უსაფრთხოება შეუძლებელია განიხილებოდეს ევროკავშირის უსაფრთხოებისგან დამოუკიდებლად.

სწორედ ამიტომ, როდესაც საქმე ევროპულ უსაფრთხოებას ეხება, ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ.

დღეს უსაფრთხოება მხოლოდ სამხედრო ძალასა და შესაძლებლობებს აღარ გულისხმობს, უსაფრთხოების გააზრება აუცილებლად მოიცავს ეკონომიკურ მედეგობას, დაკავშირებადობასა და მდგრად განვითარებას.

თუ რუკას შევხედავთ და ევროპულ უსაფრთხოებაზე დავფიქრდებით, დავინახავთ მკრთალ, თუმცა ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ხაზს, რომელიც შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაზე გადის.

ეს არის ევროპული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი, სწორედ ასე ვხედავთ მას, რადგან ჩვენ საკუთარ თავს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად მივიჩნევთ.

ამ თემაზე საუბარს გაფართოების საკითხის განხილვასთან მივყავართ.

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის მტკიცედ განსაზღვრული გზა - ის ჩვენი იდენტობის ნაწილი და ჩვენი ისტორიული არჩევანია.

ეს არჩევანი ღირებულებებზეა დაფუძნებული;

რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია უგულვებელვყოთ ან უკანა პლანზე გადავწიოთ ფუნდამენტური პრინციპები, რომლებზეც გაფართოების პროცესში უნდა ვიმუშაოთ. ამას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ გაფართოება გეოპოლიტიკური პროცესი და გეოპოლიტიკური აუცილებლობაა და ის არ უნდა შეეწიროს ვიწრო ბიუროკრატიულ ან ტექნოკრატიულ მიდგომებს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ჩვენ დავუშვებთ მოვლენების ამგვარად განვითარებას, ჩვენ ხელვყოფთ თავად გაფართოების იდეას - იმას, თუ რისთვის გვჭირდება გაფართოება.

გაფართოება არ წარმოადგენს თვითმიზანს - ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც ვიყენებთ უფრო მნიშვნელოვანის მისაღწევად. ეს უფრო მნიშვნელოვანი რამ, დღეს უკვე ნათელია, რომ არის ჩვენი საერთო უსაფრთხოება და ჩვენს გარშემო არსებული საერთო მშვიდობა.

საქართველო მტკიცედ ერთგულია ევროპული ინტეგრაციის გზის და ეს ცხადია. თუმცა, ჩვენ ასევე გვიწევს ისეთ სიტუაციებთან გამკლავება, როდესაც ხდება ამ პროცესის ინსტრუმენტალიზება, რაც თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან ეს ძირს უთხრის მთლიან პროცესს.

ძალიან ხშირად, ის საკითხი, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და თავად ევროკავშირისთვის, გამოიყენება როგორც იარაღი და როდესაც ევროპულ ინტეგრაციას იარაღად ვაქცევთ, ამით მთლიან პროცესს ვუთხრით ძირს.

ეს არის ის, რაც უნდა გავიაზროთ, რათა არ დავაზიანოთ მთლიანი პროცესი და არ ხელვყოთ გაფართოების იდეა.

უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, შესაძლებელია თუ არა რეფორმების განხორციელება და შედეგების მიღწევა ? დიახ, შესაძლებელია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ორჯერ მეტი ძალისხმევის ხარჯზე.

უკვე აღინიშნა საქართველოს ორი რეგიონის შესახებ და მინდა შეგახსენოთ, განსაკუთრებით აქ მყოფი ახალგაზრდების გასაგონად, რომ საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ რამდენიმე ომი გამოვიარეთ. თუ რუკას დააკვირდებით, ნახავთ, რომ საქართველოს უკიდურესად რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს არსებობა. ამ პირობებშიც კი, საკმაოდ მტკიცე პოლიტიკის წყალობით, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა მათზე განხორციელებული უამრავი თავდასხმის მიუხედავად.

ჩვენ ასევე მივაღწიეთ მდგრად განვითარებას, რაც ნიშნავს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის გაფართოების თვალსაზრისითაც, რადგან მყარი ეკონომიკური საფუძვლის გარეშე, გარკვეული რეფორმების განხორციელება და პროგრესის მიღწევა ძალიან რთულია.

დასკვნის სახით, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ორიენტირებულნი ვართ განვითარებაზე და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებზე, რათა საბოლოოდ შეიქმნას მყარი საფუძველი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.