Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ

მადლობა ძვირფასო პიტერ,

მადლობას გიხდით გულთბილი მასპინძლობისთვის.

ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ამ მშვენიერ ქალაქში სტუმრობა.

თქვენთან შეხვედრა და მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი კი ყოველთვის სასიხარულოა.

ის გამორჩეული მეგობრობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს, ბუნებრივად აისახება ჩვენს დღის წესრიგსა და შეხვედრების სიხშირეზე. დღეს ჩვენი ქვეყნები უბრალოდ მეგობარი სახელმწიფოები არ არიან. ჩვენ გვაერთიანებს სტრატეგიული მიზნები, მშვიდობისადმი ერთგულება და საერთო ღირებულებების დაცვა, რომელსაც თავის დროზე დაეფუძნა ევროკავშირი და რომელსაც დღეს დიდი საფრთხე ექმნება ევროპის კონტინენტზე.

უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება უნგრეთის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. სუვერენიტეტის დაცვა დღევანდელ გამოწვევებით სავსე სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიუხედავად სუვერენული უფლებების ლეგიტიმური განხორციელებისადმი მიმართული ხშირი კრიტიკისა, საქართველო და უნგრეთი კარგად აცნობიერებენ იმ საფრთხეებს, რაც თან ახლავს ქვეყნის სუვერენიტეტზე შეტევას და მისი მტკიცედ დაცვის აუცილებლობას. ჩვენს კავშირს და ერთობას, ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის დასაცავად  საერთო მომავლისთვის, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ხელისუფლებებს ასევე აერთიანებთ მშვიდობისადმი ერთგულება.

ომის დამანგრეველი შედეგები, რომელსაც დღეს ევროპაში ვხედავთ, განსაკუთრებით ნათლად აჩვენებს პასუხისმგებლიანი და ფრთხილი პოლიტიკის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს შემდგომი არასტაბილურობის თავიდან აცილებას და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს მშვიდობაზე ორიენტირებულ ძალისხმევასა და პოლიტიკას.

გარდა ამისა, ჩვენს მთავრობებს ტრადიციული ღირებულებების დაცვა აერთიანებს. ჩვენ გვაერთიანებს საერთო მტკიცე გადაწყვეტილება, დავიცვათ კონსერვატიული ღირებულებები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ერების ჯანსაღი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. ეს არ არის ადვილი ამოცანა დღევანდელ სამყაროში და ხშირად ვაწყდებით უსამართლო მოპყრობას ჩვენი მტკიცე და პრინციპული პოზიციების გამო. ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის მიერ მიღებული კანონების გაუქმების მოთხოვნა, არ შეიძლება იყოს სუვერენულ სახელმწიფოებთან ურთიერთობების წინაპირობა ბრიუსელის მხრიდან.

ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. თქვენ ის გაბედული მინისტრი ხართ, რომელიც თამამად ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის ინსტრუმენტალიზაციას და დასჯის იარაღად გამოყენებას სწორედ ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების და ინტერესების საწინააღმდეგოდ. დღეს, ევროპულ წრეებში საქართველოს მთავრობის შესახებ სიმართლის თქმა და მისი დაცვა მარტივი ამოცანა არ არის და ცოტა თუ ბედავს ამის გაკეთებას. ასეთი პრინციპული მხარდაჭერა დიდად დასაფასებელია.

მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგს და მივესალმო იმ ინტენსიურ თანამშრომლობას, რომელიც ორი ქვეყნის მთავრობებს შორის სხვადასხვა სფეროში ჩამოყალიბდა. ჩვენი პარტნიორობა ორივე ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება და ევროპის უფრო ფართო უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უწყობს ხელს. საქართველოს როლი, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდი, შეუცვლელი რჩება და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით შეიძლება ჩვენი საერთო ინტერესების ეფექტურად დაცვა.

ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ქართველი საჯარო მოხელეების მხარდაჭერისთვის. გასული წლის შემოდგომაზე, 50-მდე საჯარო მოხელეს ჰქონდა შესაძლებლობა უნგრეთის გამოცდილება გაეზიარებინა, რისთვისაც პირადად გიხდით მადლობას. ჩვენი მიზანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება და გაღრმავება. ეს თანამშრომლობა მყარ საფუძველზე დგას და გამყარებულია მაღალი დონის მთავრობათაშორისი თანამშრომლობით.

ჩვენ მოუთმენლად ველით უნგრეთის მთავრობის საქართველოში ვიზიტს, წელს  დაგეგმილი არჩევნების შემდეგ.

კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადაგიხადოთ მეგობრობისთვის, მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის და გისურვოთ შემდგომი წარმატებები.