Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადება სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, იურაი ბლანართან შეხვედრის შემდეგ

მოხარული ვარ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველი ორმხრივი ვიზიტით ვიმყოფები ბრატისლავაში. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას, მინისტრ იურაი ბლანარს მოწვევისა და თბილი მასპინძლობისათვის. გულწრფელად ვაფასებ ღია და მეგობრულ ატმოსფეროს, რომელიც თან ახლავს ჩვენს დღევანდელ შეხვედრას.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და მზარდი პარტნიორობა ემყარება ურთიერთპატივისცემისა და ხალხთაშორისი კავშირების ხანგრძლივ ტრადიციებს. სლოვაკეთი ყოველთვის იყო საქართველოს საიმედო პარტნიორი და ასე რჩება.

საქართველოს და სლოვაკეთის მთავრობები კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტის დაცვის მნიშვნელობას. ბრძოლა ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისთვის არის ის პრიორიტეტული საკითხი, რაც ასევე გვაერთიანებს. ხშირად გვესმის კრიტიკა ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებების გამო, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ჩვენი უსაფრთხოების და კეთილდღეობის ერთადერთ გარანტიას სწორედ სუვერენიტეტის დაცვა წარმოადგენს. ამდენად, ვფიქრობ, გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია ამ მიდგომის მქონე სახელმწიფოთა ერთად დგომა.

საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც ისტორიამ კარგად ასწავლა თუ რა ფასი აქვს მშვიდობას. იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ იცავს ნატოს უსაფრთხოების ქოლგა,  საფრთხეები კი გაზრდილია, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური განვითარების შესაძლებლობა.  ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის დაცვისკენ და მხარს ვუჭერთ  მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. მშვიდობისკენ სწრაფვა არის ის რაც დღეს ჩვენ გვაერთიანებს სლოვაკეთის ხელისუფლებასთან. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ ერთიანობის დემონსტრირებას წარმოადგენს

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაგიხდით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. 

მოხარული ვარ, რომ დღეს გვქონდა შესაძლებლობა მინისტრთან ერთად დეტალურად განგვეხილა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.  ჩვენ ვიმსჯელეთ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივებზე.  ამ კონტექსტში, ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური დიალოგის დინამიკაზე და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე.  უახლოეს მომავალში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტები სლოვაკეთში და ასევე ველით მაღალი დონის სტუმრებს საქართველოში.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებებზე.  ფართო პოტენციალი, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ბიზნეს საზოგადოებებს შორის კავშირების ხელშეწყობა. 

მისასალმებელია გასული წლის ოქტომბერში ხელმოწერილი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება, რომელიც ახალ იმპულსს შესძენს ეკონომიკურ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს საქმიან წრეებს შორის კავშირების განვითარებას. აღსანიშნავია ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა.

დაიწყო პირდაპირი ავიამიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის მეტად განვითარებას და დამატებით შესაძლებლობებს შექმნის ორმხრივ ურთიერთობებში.

მადლობას გადავუხდი სლოვაკეთს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის.  ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებაში ევროინტეგრაციის საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, რაც შემდგომ წევრ ქვეყნებზეც აისახება. 

სლოვაკეთი ამ მიდგომას სამართლიანად არ იზიარებს, რასაც გულწრფელად ვაფასებთ. კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით თქვენი მხარდაჭერისთვის, რადგან სწორედ ასე შეიძლება იყოს გამოხატული საქართველოს და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების გულწრფელი მხარდაჭერა. 

გამოწვევებით აღსავსე პერიოდში, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია პარტნიორებთან თანამშრომლობას, ურთიერთმხარდაჭერას. 

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ბატონო მინისტრო, მასპინძლობისთვის, მეგობრობისთვის და მხარდაჭერისთვის.  ვიმედოვნებ, რომ უკვე საქართველოში გვექნება შეხვედრისა და ჩვენი დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა.