ბატონო სახელმწიფო მდივანო, პატივცემულო სტუმრებო,
მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს პოლიტიკური ტერორიზმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში წამოწევისთვის. ეს განხილვა განსაკუთრებით დროულია, რადგან დღეს ვდგავართ რთული და მუდმივად ცვალებადი გამოწვევების წინაშე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე.
მსოფლიოში, რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა იდეოლოგიის ქვეშ მოქმედებენ, მათ შორის, ხშირად, დემოკრატიის სახელით. თუმცა მათი მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტებაა. საფრთხე კიდევ უფრო სერიოზულ ხასიათს იძენს, როდესაც დემოკრატიული მანდატის არ მქონე პოლიტიკური აქტორები, უცხოური დაფინანსებითა და გარე მხარდაჭერით მოქმედებენ.
საქართველოს გამოცდილება ამ გამოწვევის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საბაბით ჩვენი საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით. ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო სისტემისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციას. ასევე გავხდით მოწმე იმისა, რომ რადიკალური ჯგუფები ძალადობის და საბოტაჟის აქტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ.
არანაკლებ შემაშფოთებელია მსგავსი ქმედებების ლეგიტიმაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენება რეზოლუციებისა და სხვა მექანიზმების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს სუვერენულ სახელმწიფოებზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას და ამავე დროს ამ ინსტიტუტების რეპუტაციასა და სანდოობას ლახავს. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ ქმედებებს უფრო მძიმე შედეგებიც მოჰყვა - ხელი შეუწყო სახელმწიფოებსა და პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაუარესებას, ნდობის შესუსტებას და საერთაშორისო თანამეგობრობაში არასაჭირო დაყოფების წარმოქმნას.
ეს ყველა ჩვენგანს უნდა აწუხებდეს, რადგან პოლიტიკური ტერორიზმი ყოველთვის არ ვლინდება თვალსაჩინო ფორმით. ის შეიძლება გამოვლინდეს დაშინებით, პოლიტიკური ძალადობითა და დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური დასუსტების მცდელობებით. ეს არის გამოწვევა ყველა იმ დემოკრატიისთვის, რომელიც საკუთარი ინსტიტუტების, სუვერენიტეტისა და თავისი ხალხის ნების დაცვის ერთგულია.
ბატონო სახელმწიფო მდივანო, კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხს სათანადო ყურადღება დაუთმეთ.