საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტს განაგრძობს. 2023 წლის 3 მაისს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელი ქოენთან.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისრაელ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებაზე.
შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა „შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. აღინიშნა ასევე „საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივი დეკლარაციის“ ხელმოწერის მნიშვნელობაც.
საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.
შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხზე.