2026 წლის 23 ივნისს, საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეხუთე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი, ხოლო იტალიის დელეგაციას - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ედმონდო ჩირიელი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების ფარგლებში, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ასევე, მაღალი დონის ვიზიტებთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები. ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, ტურიზმის, თავდაცვის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში არსებულ აქტიურ დინამიკას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ,,შუა დერეფანზე" და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე.
ედმონდო ჩირიელიმ ხაზი გაუსვა იტალიის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობაზე.
იტალიის მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.