Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

გაერო-სთან აკრედიტებული ელჩების ვიზიტი საქართველოში

2023 წლის 1 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაერო-სთან ბენინის, დომინიკის რესპუბლიკის, კომოროსის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ლიბიისა და სენტ ლუჩიას მუდმივი წარმომადგენლები მიიღო, რომლებიც საქართველოს 1-5 მაისის პერიოდში სტუმრობენ. 

მინისტრი მიესალმა გაერო-სთან აკრედიტებული ელჩების ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა ამგვარი ვიზიტების პოზიტიური დინამიკის მნიშვნელობას, რაც კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ დელეგაციები გაეცნონ საქართველოს, მის კულტურას, ეკონომიკურ პოტენციალს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და განვითარების პროცესებს. 

მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე მიმდინარე თანამშრომლობის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის თაობაზე.  მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებული ვითარებისა და გაერო-ს ფარგლებში მიმდინარე აქტუალური პროცესების შესახებ. 

იმავე დღეს ელჩები მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას შეხვდნენ, რომლის დროსაც ელჩებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ. მინისტრის პირველმა მოადგილემ უპასუხა სტუმრების შეკითხვებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით. 
ელჩების ვიზიტი საქართველოში 5 მაისამდე გაგრძელდება და მის მიზანს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების და კულტურის უკეთ გაცნობა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება წარმოადგენს. 

ვიზიტის ფარგლებში, ელჩები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეწვევიან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ოძისს და დევნილთა დასახლებას წეროვანში, ასევე, მოინახულებენ იუსტიციის სახლს.

გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები ვიზიტით ეწვევიან იმერეთის რეგიონს და ქ. ბათუმს, სადაც შეხვდებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს და მოინახულებენ სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს.   

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები