2023 წლის 28 თებერვალს - 1 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია სამუშაო ვიზიტით ბერლინში იმყოფება.
ვიზიტი მინისტრის მოადგილემ ბუნდესთაგში შეხვედრებით დაიწყო. 28 თებერვალს მან შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესთაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან მიხაელ როტთან (გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია).
შეხვედრისას, მინისტრის მოადგილემ და კომიტეტის თავმჯდომარემ კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ საქართველო და გერმანია საიმედო და ერთმანეთისთვის ღირებული პარტნიორები არიან, რაც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ფასეულობებს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის არსებულ დინამიურ თანამშრომლობას და მეგობრობის ჯგუფებს, დარგობრივ კომიტეტებსა და დეპუტატებს შორის მიმდინარე აქტიურ კომუნიკაციას. განსაკუთრებულად გამოყვეს გასულ წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბერლინში ისევე, როგორც ბუნდესთაგის ვიცე-სპიკერის საქართველოში ვიზიტების როლი.
საუბრისას თეიმურაზ ჯანჯალიამ და მიხაელ როტმა კმაყოფილებით აღნიშნეს 2022 წლის ივნისში საქართველოსათვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად შეაფასეს. მინისტრის მოადგილემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს გააცნო საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესი. აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ხაზი გაუსვა ამ გზაზე პარტნიორებისა და მეგობრების, განსაკუთრებით გერმანიის, შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობას.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ისევე, როგორც არსებული უსაფრთხოების გარემო. აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი არის თავდასხმა მთელ საერთაშორისო წესრიგზე და არღვევს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების არქიტექტურას. ამასთან, მინისტრის მოადგილემ დეტალურად გააცნო გერმანელ კანონმდებელს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. მან მადლიერება გამოხატა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში გერმანელი მონიტორების მონაწილეობის გამო, რომელიც ამჟამად მისიის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.
შეხვედრაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურდა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.