ბულგარეთსა და ეგვიპტეში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზურაბ ხამაშურიძე დაინიშნა, ხოლო ეგვიპტის რესბუბლიკაში - ნიკოლოზ აფხაზავა.
ზურაბ ხამაშურიძე 2024 წლიდან დღემდე იკავებდა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას. მას საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს, სხვადასხვა დროს ზურაბ ხამაშურიძე გახლდათ ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ევროკავშირის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, ასევე მუშაობდა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში.
ზურაბ ხამაშურიძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
ეგვიპტის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნიკოლოზ აფხაზავა დაინიშნა. ნიკოლოზ აფხაზავა, წლების მანძილზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. იგი 2012-2017 წლებში გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკში, ხოლო 2017-2022 წლებში იკავებდა მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას.
ნიკოლოზ აფხაზავას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.