2024 წლის 4 დეკემბერს, მალტაში, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებებს, ასევე აღინიშნა რეგიონის სატრანზიტო პოტენციალი. დადებითი შეფასება მიეცა საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობას კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი ურთიერთობის მიმართულებით.
განსაკუთრებით გაესვა ხაზი 2024 წლის დასაწყისში, საქართველოსა და სომხეთის შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის გაფორმების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების საქმეში.
ამასთან, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა.
შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობა.
მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.
ამასთან, საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას.
მაკა ბოჭორიშვილი 4-6 დეკემბერს, მალტაში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალში იღებს მონაწილეობას.