Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

2025 წლის 12 ნოემბერს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა. დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართეს და დიპლომატის დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ქართველ დიპლომატებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქვეყნის სამსახურისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

„დღეს დიპლომატების სიმტკიცეს, ერთგულებას და პროფესიონალიზმს დიდი ფასი აქვს ქვეყნის ინტერესების, ღირებულებების და ღირსების დაცვის საქმეში. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ქართველ დიპლომატს, რომელსაც მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, შრომით, ერთგულებით და სიმტკიცით ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების საქმეში.“

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის დიპლომატიური ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების მტკიცედ და თანმიმდევრულად გატარებისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის, უწყებრივი ჯილდო გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას; საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დირექტორატის დირექტორს, არჩილ ყარაულაშვილს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, დავით ბაქრაძეს.

წელს პირველად საგარეო საქმეთა მინისტრმა დიპლომატიურ სამსახურში შეტანილი წვლილისთვის, დიპლომატებს აკაკი ჩხენკელის სახელობის უწყებრივი ჯილდო გადასცა. ჯილდო გადაეცათ - მინისტრის მრჩეველს, ნინო ბარათაშვილს, საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორს გიორგი ტაბატაძეს, დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს, ამერიკის დეპარტამენტის უფროსს, მარიკა ლალიაშვილს, მეზობელი ქვეყნების სამმართველოს უფროსს, დიანა მალაზონიას და საქართველოს გენერალურ კონსულს ქ. სტამბოლში, ალექსანდრე ჯიშკარიანს.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, თბილისის მერიისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

დიპლომატის დღე 2004 წლიდან აღინიშნება და ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.

დანართები

    მსგავსი სიახლეები