„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენს თანამშრომლობას ბევრი მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც 2024 წლის 3 ივლისს თბილისში შედგა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობასა და კეთილმეზობლობას, რომელიც საუკუნეებს ითვლის.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზეც. „დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა გაეროს იმ რეზოლუციის ისტორიული მხარდაჭერისათვის, რომელიც ადასტურებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის დაბრუნების უფლებას აფხაზეთსა და ცხინვალში“, - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში, ხოლო ტურიზმის მიმართულებით - პირველ სამეულშია. გარდა ამისა, მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. „ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას. ჩვენ მზად ვართ ჩვენი მეზობლების საჭიროებისა და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაგრძელოთ საკუთარი წვლილის შეტანა კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობისა და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში “, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი გზით მიღწეულ ისტორიულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ. „იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს “, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების განსაკუთრებულ წარმატებაზეც: „თქვენი ვიზიტი დაემთხვა საქართველოსთვის ძალიან საამაყო დღეებს. ჩვენმა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგებს მიაღწია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამაღელვებლად ქომაგობდნენ ჩვენი სომეხი ძმები. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას. ცოტა ხნის წინ საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციებმა წარადგინეს ერთობლივი განაცხადი ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ქვეყნები ამ მიმართულებითაც მიაღწევენ წარმატებას “.