საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში - „ბავშვთა დაცვა შეიარაღებულ კონფლიქტებში: ასაფეთქებელი იარაღის ზემოქმედება საომარი მოქმედებების მუდმივად ცვალებად ეპოქაში”.
ღონისძიება ბავშვებისა და შეიარაღებულ კონფლიქტების საკითხზე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის (Children and Armed Conflict – CAAC) 30 წლისთავს მიეძღვნა.
სიტყვით გამოსვლისას, ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა, რომ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად ბავშვები განსაკუთრებით მძიმედ ზარალდებიან. მან ყურადღება გაამახვილა ასაფეთქებელი იარაღის გამოყენების შედეგად ბავშვების დაღუპვისა და დაშავების, ფსიქოლოგიური ზიანის, იძულებით გადაადგილებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შემთხვევებზე.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომის მძიმე გავლენაზე ბავშვთა უფლებებსა და მდგომარეობაზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის დაცვისა და ბავშვთა დაცვის მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობას.
ამასთან, ლაშა დარსალიამ მიმოიხილა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ეროვნულ დონეზე განხორციელებული რეფორმები. გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ბავშვთა უფლებების მდგომარეობას. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების მიმართ ზეწოლა, ადამიანის უფლებათა დარღვევები და მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვა საქართველოს შეშფოთებას იწვევს.
დასასრულს, მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება კონფლიქტით დაზარალებული თითოეული ბავშვის უფლებების დაცვა და მათი უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარებისათვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა.