Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

დიასპორის კომიტეტის სხდომაზე, მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის დიასპორული პოლიტიკის პრიორიტეტებსა და 2026 წლისთვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა

2026 წლის 27 მაისს, დიასპორის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის დიასპორული პოლიტიკის პრიორიტეტებსა და 2026 წლისთვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა.

„დიასპორის მიმართ საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება სწორედ პარლამენტმა განსაზღვრა საქართველოს კონსტიტუციით და 2018 წლიდან უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციურ ამოცანად იქცა.” - განაცხადა საგარეო მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ დიასპორულ პროგრამებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, არსებული პროგრამები მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა ქართული ენის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების მიმართულებით, თუმცა დიასპორასთან ურთიერთობა საჭიროებს უფრო სისტემურ, შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას. ამ კონტექსტში მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების როლის გაძლიერებაზე, როგორც დიასპორასა და სახელმწიფოს შორის ძირითად დამაკავშირებელ ხიდზე.

„წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია იმისათვის, რომ ხელი შეეწყო ქართული დიასპორის საქართველოსთან კავშირების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა და შენარჩუნდა არაერთი საკვირაო სკოლა და კულტურული ცენტრი; მუდმივად ხორციელდება მათი ქართული სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა.“ - განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დიასპორული პოლიტიკის სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა.

„დიასპორული პროგრამები მოერგება საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტებს და დაეფუძნება ქართული იდენტობის ფუნდამენტურ ფასეულობებს - მამულს, ენას და სარწმუნოებას“ - აღნიშნა მინისტრმა.

პირველი დიპლომატის განცხადებით, „ქართული ენა არის ეროვნული იდენტობის მთავარი საფუძველი და მისი შენარჩუნება პირდაპირ უკავშირდება დიასპორის მომავალს და კავშირს სამშობლოსთან".

„ენის“ კომპონენტის ფარგლებში ეტაპობრივად განხორციელდება პროგრამები: „ჩემი ენა ქართული“, „ჩემი ქართული სკოლა“, „ქართული ენის ელჩი“ და „ემიგრანტის ხმა“, რომლებიც ქართული ენის სწავლების ხარისხის ამაღლებას, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვასა და საკვირაო სკოლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ამასთან, დიასპორული მედიისა და ციფრული პლატფორმების მხარდაჭერა შექმნის ახალ შესაძლებლობებს ქართული ენის თანამედროვე კომუნიკაციურ სივრცეში ინტეგრაციისთვის.

„მამულის“ კომპონენტის მიმართულებით დაგეგმილია ისეთი პროგრამების განხორციელება, როგორიცაა „ხელოვნების ხიდი“, „კადრში საქართველო“, „ქართული გემო“, „გლობალური კავშირები მეცნიერებაში“ და ,,ახალგაზრდული ბანაკი“, რაც მიზნად ისახავს ქართული კულტურის, მეცნიერების, შემოქმედებისა და ტრადიციების საერთაშორისო პოპულარიზაციას, დიასპორის ჩართულობის გაძლიერებას და დიასპორის ახალგაზრდებისა და საქართველოში მცხოვრები თანატოლების დაახლოებას.

მინისტრმა, ასევე ისაუბრა მესამე კომპონენტზე - „სარწმუნოება“. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზღვარგარეთ ქართული სულიერი და კულტურული იდენტობის მხარდაჭერას. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ 2026 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით ხელს შეუწყობს საქართველოს საპატრიარქოს აქტივობებს საზღვარგარეთ, და მაქსიმალურად უზრუნველყოფს დიასპორის ჩართულობას შესაბამის ღონისძიებებში.” - განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა დიასპორის ერთიანობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პოლარიზაციის ის ფორმები, რომლებიც საზოგადოებაში გამოიყენება, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დამაზიანებელია როგორც სახელმწიფოსთვის, ისე თავად დიასპორისთვის. ამასთან, მან ისაუბრა საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების წესის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ 2012 წლიდან დღემდე არჩევნების სტატისტიკის თანახმად, უცხოეთში რეგისტრირებული ამომრჩევლების მონაწილეობა არჩევნების საერთო შედეგებზე არსებით გავლენას ვერ  ახდენდა.

გამოსვლის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო გახდა დიასპორის საკითხებში გაეროს ფარგლებში დაფუძნებული, მაღალი საერთაშორისო პლატფორმის - „გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის“ თანადამფუძნებელი ქვეყანა. 2024 წლიდან საქართველო, ირლანდიასთან ერთად, ხელმძღვანელობს ალიანსის მმართველ საბჭოს და აქტიურადაა ჩართული ალიანსის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს, შემოდგომაზე საქართველო უმასპინძლებს გლობალურ დიასპორის სამიტს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები