Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში, რომელიც 2023 წლის 11 დეკემბერს ქ. ბრიუსელში გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები; ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი; ევროკომისარი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი; ასევე, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს 2022-2023წწ. განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული შედეგები, მათ შორის იმსჯელეს ინიციატივის ფარგლებში არსებულ თანამშრომლობასა და მისი სამომავლო განვითარების შესაძლებლობებზე. დიდი ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებულ გამოწვევებს. მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში შემუშავებული საფლაგმანო პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის ხაზი გაუსვეს დაკავშირებადობის გაზრდის მნიშვნელობას. მინისტერიალის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს როუმინგის შესახებ რეგიონული ხელშეკრულების გაფორმებას. 
 
მინისტერიალზე ევროკავშირის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებს. ამასთან, ევროკავშირის და წევრი ქვეყნების  მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართ; დადებითად შეფასდა ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევა რეფორმების განხორციელების კუთხით და გამოითქვა მზაობა საქართველოს შემდგომი დახმარებისთვის ამ პროცესში.
 
მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიესალმა მ/წ. 8 ნოემბრის ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას ევროპული საბჭოსადმი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაც საქართველოს მიერ გაწეული ძალზედ ინტენსიური მუშაობისა და მიღწეული შედეგების აშკარა აღიარებას წარმოადგენს. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ლიდერები მხარს დაუჭერენ ევროკომისიის ამ რეკომენდაციას და 15 დეკემბერს კიდევ ერთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ქვეყნის ინდივიდუალური დამსახურებებისა და პროგრესის საფუძველზე, რაც გზას გაუხსნის საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მისი მხრიდან, ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოების პროცესში, მათი ინდივიდუალური ინტერესებისა და მზადყოფნის გათვალისწინებით.
 
მინისტრის მხრიდან, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ფორმატის ფარგლებში შემუშავებულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაზე და საქართველოს საფლაგმანო პროექტების ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე, რაც ქვეყნის მოსახლეობას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და ქვეყანას პრაქტიკულად მოამზადებს ევროკავშირის წევრობისთვის. აქცენტები გაკეთდა შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ევროკავშირისა და საქართველოს დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარების სამომავლო გეგმებზე.
საუბარი ასევე შეეხო  რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები