Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი „ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში“

2024 წლის 27 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი, „ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში“ გაიხსნა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. ასევე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ.
სიტყვით გამოსვლისას, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის განვითარებაში ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე.
"ქართული დიასპორა ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა და ქვეყნის განვითარების პროცესში მისი ჩართვის უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, საგარეო უწყება დიასპორული ორგანიზაციების, ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერის, მექანიზმების დახვეწის მუდმივ ძიებაშია," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა და დასძინა, რომ მიმდინარეობს აქტიური და ინტენსიური თანამშრომლობა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიასპორასთან ურთიერთობის გაღრმავებაზე ორიენტირებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის თვალსაზრისით. 
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დიასპორაში ეკლესიის როლსა და ავტორიტეტზე. 
მან მადლობა გადაუხადა საზღვარგარეთ არსებულ ეპარქიებს და მათ წინამძღოლებს და განმარტა, რომ საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სამრევლოები ქართული ემიგრაციის გაერთიანებისა და შეკავშირების ადგილია,  სადაც ქართული დიასპორა ყველაზე ძლიერად გრძნობს საკუთარ ფესვებს.
გარდა ამისა, ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების რგოლს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი დიასპორასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში.
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები. ასევე, სპეციალური ჯილდო გადაეცათ უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეებს, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით ხელი შეუწყვეს საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.
აღსანიშნავია, რომ წლებია, საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს სამ ისეთ მნიშვნელოვან საგრანტო პროგრამას, როგორებიცაა: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“  (2018 წლიდან); "დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“  (2019 წლიდან); „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“  (2020 წლიდან). აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, სხვადასხვა პროექტისთვის გრანტი გამოეყო 278 დიასპორელს.
გარდა ამისა, 2017 წლიდან საგარეო უწყება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“, რომლის ფარგლებშიც ჯილდო გადაეცემათ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს.
აღსანიშნავია, რომ ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობას და ქვეყნის განვითარებაში დიასპორის წარმომადგენელთა როლის გაზრდას.
აღსანიშნავია, რომ 28 მაისს, ფორუმის მონაწილეები მუშაობას განაგრძობენ სამ თემატურ ჯგუფში და იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: განათლება და კულტურა, ბიზნესი და ეკონომიკა, ინფორმაცია - დიასპორის  წარმატების მექანიზმი.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები