2023 წლის 2 ნოემბერს, ჰელსინკიში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიამ შეხვედრა გამართა ფინეთის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა მინისტრთან, ანდერს ადლერკროიცთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან და ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხები.
მინისტრის მოადგილემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ფინურ მხარეს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით საქართველოს მხრიდან გაწეული ძალისხმევის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს ქართველი ხალხის ისტორიულ და ცივილიზაციურ არჩევანს, ქვეყნის გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს, რასაც მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. თეიმურაზ ჯანჯალიამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის საბჭოს მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიმდინარე წლის ბოლომდე მინიჭების მნიშვნელობას. განაცხადა, რომ საქართველო ევროპისგან მოელის შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას და გამოხატა იმედი, რომ ევროპელი პარტნიორები სათანადოდ აღიარებენ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის ფინეთის რესპუბლიკის ღია პოლიტიკური მხარდაჭერის კრიტიკულ მნიშვნელობაზე.
მხარეებმა განიხილეს აგრეთვე რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები. ხაზი გაესვა საქართველოს სამშვიდობო როლს და ჩვენი ქვეყნის მიერ გაწეულ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორად და მოკავშირედ ასევე უსაფრთხოების სფეროში.
ფინურმა მხარემ დაადასტურა ფინეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ისევე, როგორ ევროინტეგრაციის მიმართ.
თეიმურაზ ჯანჯალიამ ფინელი კოლეგა თბილისში ვიზიტით მოიწვია, რათა ფინური მხარე ადგილზე გაეცნოს საქართველოს ევროპულ დღის წესრიგს, უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.