2026 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის პლენარულ სხდომაზე, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიში.
გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა საბჭოს მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებების დაცვაში. მან დაადასტურა საქართველოს ერთგულება უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) პროცესის ფარგლებში მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების მიმართ და აღნიშნა ქვეყნის მზაობა, აქტიურად გააგრძელოს საბჭოსთან თანამშრომლობა.
ხათუნა თოთლაძემ მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას „თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომელიც ზედიზედ მეორე წელია, კონსენსუსით იქნა მიღებული.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მან ისაუბრა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, უკანონო დაკავებების, საკუთრების უფლებების დარღვევის, ეთნიკური დისკრიმინაციისა და ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო უფლებადამცავი მექანიზმების შეუფერხებელი წვდომის აუცილებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობასა და ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. ამ კონტექსტში მან საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, განაგრძოს ერთიანი და პრინციპული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
გამოსვლის დასასრულს, ხათუნა თოთლაძემ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ადამიანის უფლებების დაცვის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემისა და ანგარიშვალდებულების განმტკიცების მიზნით.