2026 წლის 18-19 მარტს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდი, რომელშიც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მონაწილე დელეგაციები კვლავ მაღალ დონეზე იყვნენ წარმოდგენილი, რაც მოლაპარაკებების ფორმატის სტაბილიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სახელდობრ, 2018 წლის შემდეგ პირველად, ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი, ხოლო გაეროს მხრიდან მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდა ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, ამერიკის, აზიისა და ოკეანეთის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, მუჰამედ ხალიდ ხიარი.
მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმების რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.
საქართველოს მხრიდან მწვავედ დაისვა საკითხი ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებზე.
სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, მოლაპარაკების უმთავრესი საკითხის განხილვის დაწყებისთანავე, რომელიც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას, როგორც წინა რაუნდების შემთხვევაში, დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით.