Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

“დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში ჩვენი ქვეყნის მიმართ დანიის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს” - ილია დარჩიაშვილი

„საქართველო, ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მაღალი ინტერესით სარგებლობს, რაზეც  ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაც მეტყველებს. ეს მოცემულობა, თავის მხრივ, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. აღნიშნული ვიზიტიც ამ ტენდენციის გაგრძელებაა  და ჩვენი ქვეყნის მიმართ დანიის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს “-  განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დანიელ კოლეგასთან, ლარს ლოკე რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

ილია დარჩიაშვილის თქმით, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები ამჟამად უმაღლეს ნიშნულზეა, რაზეც მეტყველებს დანიური მხარის პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ. ამასთან, აღნიშნული ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სტრატეგიულ როლს რეგიონში. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საელჩოს არსებობა კიდევ უფრო გაზრდის დანიის ჩართულობას რეგიონში და თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობას. 

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ილია დარჩიაშვილმა დანიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. მან  აღნიშნა, რომ დანია ამ პროცესში საქართველოს გვერდით იდგება და ქვეყანა წარმატებით გაივლის გაწევრიანების ყველა ეტაპს. 

 „დანიელ კოლეგას გავაცანი ხელისუფლების მიერ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად განხორციელებული მოცულობითი სამუშაო, რომლის თითქმის 80 პროცენტიც უკვე შესრულებულია. საქართველო ერთგულია ევროპული არჩევანისა, რაზეც ხელისუფლების თანმიმდევრული მუშაობა და მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ურყევი მხარდაჭერა მოწმობს. ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მარტივი არ არის და წევრობისკენ მიმავალი მოკლე გზა არ არსებობს, თუმცა მჯერა, რომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული იქნება“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. 

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება. დანიის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. 

ილია დარჩიაშვილმა და ლარს ლოკე რასმუსენმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე და მიესალმნენ პირდაპირი ფრენების აღდგენას, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული კავშირების გაზრდას,   საქმიანი წრეებისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მრავალწლიან თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში, რისი მორიგი დადასტურებაც გახლავთ ამ სფეროთი დაინტერესებული დანიური ბიზნესდელეგაციის საქართველოში სტუმრობა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები