ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პორტუგალიის ეროვნულ ასამბლეის პრეზიდენტთან
ლისაბონში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან აუგუშტუ სანტუშ სილვასთან.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 23 მაისს.
2010 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში.
2005 წლიდან, საქართველოს გადაფარვა ხორციელდება თურქეთის რესპუბლიკაში პორტუგალიის საელჩოს მიერ.
საქართველოსა და პორტუგალიას შორის ჩამოყალიბებულია მეგობრული და დინამიურად მზარდი ურთიერთობები. ბოლო პერიოდში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი საგრძნობლად გააქტიურდა და პორტუგალია გამოთქვამს სულ უფრო მეტ დაინტერესებას საქართველოსა და რეგიონის მიმართ.
ამასთან, რეგულარული ხასიათის შეიძინა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლამ. 2023 წელს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების ვიზიტები პორტუგალიაში; ხოლო საქართველოს სტუმრობდა პორტუგალიის ეროვნული თავდაცვის მინისტრი; 2022 წელს გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი პორტუგალიაში.
პორტუგალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. ამასთან, პორტუგალია აქტიურად მონაწილეობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM).
მზარდია ორი ქვეყნის პარლამენტს შორის თანამშრომლობა. საქართველოს პარლამენტში მოქმედებს პორტუგალიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი. 2013 წელს, პორტუგალიის ნაციონალურ ასამბლეაში ოფიციალურად ჩამოყალიბდა საქართველო-პორტუგალიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი, თუმცა 2015 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნული ჯგუფი აღარ ფუნქციონირებდა. მეგობრობის ჯგუფის განახლება შესაძლებელი გახდა 2021 წელს.
საქართველოსა და პორტუგალიას შორის სამართლებრივი ბაზა მოიცავს ორმხრივ შეთანხმებებს ფისკალური პოლიტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წლის მაისში, პორტუგალიის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა განზრახულობათა წერილს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ამ მიმართულებით ორმხრივი კავშირების გაღრმავების კუთხით.
წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში. საქართველოსა და პორტუგალიის ისტორიულ-რელიგიურ-კულტურული კავშირების თვალსაზრისით, უნიკალურია ლისაბონის ,,გრასას“ მონასტრის (Convento da Graça) კედელზე განთავსებულ ფილაზე გამოხატული ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო (12 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიმაღლის). პანო წმინდანის მარტვილობის ერთადერთი გრაფიკული გამოსახულებაა და შესრულებულია პორტუგალიური ხელოვნების ტრადიციული სტილით, მოჭიქული თიხის ფილებზე ლურჯი საღებავით („აზულეჟო“). 2018 წელს, სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა, რომლის დროსაც რესტავრაცია ჩაუტარდა ზემოხსენებულ გამოსახულებას. ამასთან, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, "შატო მუხრანის" ტერიტორიაზე დამონტაჟდა გრასას ტაძარში არსებული პანოს რეპროდუქცია.
პორტუგალიური ენის სწავლებისა და ლუსოფონური კულტურის გავრცელების მიზნით, 2012 წლის ოქტომბრიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კამოეშის ცენტრი. გარდა პორტუგალიური ენის სწავლებისა, ცენტრი ახორციელებს საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებების, როგორიცაა ფესტივალების, გამოფენების, კონცერტების, კინოჩვენებების, კონფერენციების/სემინარების ორგანიზებას.
2014 წლის 23-24 ივლისს, ტიმორ-ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქ. დილიში პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) მე-10 სამიტზე, საქართველოს მიენიჭა თანამეგობრობის ასოცირებული წევრის სტატუსი.
საქართველოსთვის CPLP-ის ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსის ფლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს პორტუგალიურენოვან სახელმწიფოებში საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ეფექტურად წარმართვისთვის.
CPLP 1996 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს მის ცხრა წევრ ქვეყანას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას, პორტუგალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას, ეკონომიკური ურთიერთობებისა და ვაჭრობის წახალისებას. თანამეგობრობის შტაბ-ბინა და სამდივნო მდებარეობს ლისაბონში.
ლისაბონში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან აუგუშტუ სანტუშ სილვასთან.