Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ევროპის საბჭო

სარჩევი


ზოგადი ინფორმაცია

უინსტონ ჩერჩილი (ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი), კონრად ადენაუერი (გერმანიის საგრეო საქმეთა მინისტრი და კანცლერი), რობერტ შუმანი (საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), პოლ–ჰენრი სპააკი (ბელგიის საგარეო მინისტრი და პრემიერ–მინისტრი 40–იან 50–იან წლებში), ალჩიდე დე გასპერი ( იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი) და ერნესტ ბევინი ( ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი) იყვნენ ის ადამიანები, პიონერები, რომლებმაც დაიწყეს ევროპული სახლის მშენებლობის პროცესი და 1949 წლის 5 მაისს საფუძველი ჩაუყარეს ლონდონის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც ევროპის საბჭოს წესდება ეწოდება, ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული ორგანიზაციის – ევროპის საბჭოს შექმნას. მაშინ აღნიშნულ წესდებას ხელი მოაწერეს ათი სახელწმიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა: ბელგიამ, დანიამ, საფრანგეთმა, ირლანდიამ, იტალიამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, შვედეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ.

ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს საერთო და დემოკრატიული პრინციპების განვითარებას ევროპაში და ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. ევროპის საბჭო განიხილავს ევროპული საზოგადოების წინაშე მდგარ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, თავდაცვის სფეროს გარდა. მისი სამუშაო პროგრამა მოიცავს შემდეგ სფეროებს: ადამიანის უფლებები, მედია, სამართლებრივი თანამშრომლობა, სოციალური ინტეგრაცია, ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, კულტურა, მემკვიდრეობა, სპორტი, ახალგაზრდობა, ადგილობრივი დემოკრატია და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, გარემოს დაცვა და რეგიონული დაგეგმვა.

წევრი ქვეყნები

ევროპის საბჭოში გაწევრიანებულია 47 ქვეყანა:

  • ავსტრია
  • აზერბაიჯანი
  • ალბანეთი
  • ანდორა
  • ბელგია
  • ბულგარეთი
  • ბოსნია და ჰერცეგოვინა
  • გერმანია
  • გაერთიანებული სამეფო
  • დანია
  • ესპანეთი
  • ესტონეთი
  • თურქეთი
  • ირლანდია
  • ისლანდია
  • იტალია
  • კვიპროსი
  • ლატვია
  • ლიტვა
  • ლიხტენშტაინი
  • ლუქსემბურგი
  • ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია
  • მალტა
  • მოლდოვა
  • მონაკო
  • მონტენეგრო
  • ნიდერლანდები
  • ნორვეგია
  • პოლონეთი
  • პორტუგალია
  • რუმინეთი
  • რუსეთი
  • საბერძნეთი
  • სან-მარინო
  • საფრანგეთი
  • საქართველო
  • სერბეთი
  • სლოვაკეთი
  • სლოვენია
  • სომხეთი
  • უკრაინა
  • უნგრეთი
  • ფინეთი
  • შვედეთი
  • შვეიცარია
  • ჩეხეთის რესპუბლიკა
  • ხორვატია

დამკვირვებლები

წევრი სახელმწიფოების გარდა ევროპის საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ შემდეგო ქვეყნები - ვატიკანი, იაპონია, აშშ, კანადა, მექსიკა და ისრაელი (საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი).

მიზნები

  • დაიცვას ადამიანის უფლებები, პლურალისტური დემოკრატია და სამართლის უზენაესობა;
  • ხელი შეუწყოს ევროპის კულტურული თვითმყოფადობისა და მრავალფეროვნების განვითარებას.
    • იპოვოს საერთო გადაწყვეტილება იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომლის წინაშეც დგას ევროპის საზოგადოება: უმცირესობათა დისკრიმინაცია, ქსენოფობია, შეუწყნარებლობა, ბიოეთიკა და კლონირება, ტერორიზმი, ცოცხალ არსებათა თრეფიკინგი, ორგანიზებული დანაშაული და კორუფცია, კიბერდანაშაული, ძალადობა ბავშვების მიმართ;
  • განამტკიცოს დემოკრატიული სტაბილურობა პოლიტიკური, საკანონმდებლო და კონსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის გზით;

ევროპის საბჭოს მიმდინარე პოლიტიკური მანდატი განისაზღვრა ვარშავაში 2005 წლის მაისში სახელმწიფოთა მეთაურთა მესამე სამიტზე.

ევროპის საბჭოს მთავარი შემადგენელი კომპონენტებია:

  • მინისტრთა კომიტეტი
  • საპარლამენტო ასამბლეა
  • ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი
  • ადამიანის უფლებათა კომისარი
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

საპარლამენტო ასამბლეა ორგანიზაციის ხელმძღვანელად ხუთწლიანი ვადით ირჩევს გენერალურ მდივანს. ის პასუხისმგებელია საბჭოს სამუშაო პროგრამის შედგენაზე და ბიუჯეტის სტრატეგიულ დაგეგმვასა და მართვაზე. გენერალური მდივანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წარმომადგენელია.

მინისტრთა კომიტეტი

მინისტრთა კომიტეტი არის ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომელიც შედგება 47 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან ან, სტრასბურგში მყოფი მათი მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლებისგან. მინისტრთა კომიტეტი ერთდროულად სამთავრობო ორგანოც არის, სადაც თანაბრად განიხილება ევროპული საზოგადოების წინაშე მდგომი პრობლემებისადმი წევრ ქვეყანათა ინდივიდუალური დამოკიდებულება და საერთო ფორუმიც, სადაც ხდება ამგვარ პრობლემებთან მიმართებაში საერთო ევროპული მიდგომის ჩამოყალიბება. საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობით მინისტრთა კომიტეტი იცავს ევროპის საბჭოს ფუნდამენტურ ღირებულებებს და ახდენს წევრი ქვეყნების მიერ თავიანთი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.

მინისტრთა კომიტეტი ასრულებს სამმაგ როლს:

  1. როგორც მთავრობათა ინტერესების ამსახველი, რაც საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე გამოხატონ თავიანთი ეროვნული პოზიცია ევროპული საზოგადოებების წინაშე მდგარი პრობლემებისადმი.
  2. როგორც კოლექტიური ფორუმი, სადაც მსგავსი გამოწვევები საერთოევროპულ გამოხმაურებას ჰპოვებს.
  3. როგორც ევროპის საბჭოს უმთავრეს ღირებულებათა დამცველი, საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად.

მინისტრთა კომიტეტის ფუნქცია და საქმიანობა მოიცავს შემდეგს:

  • პოლიტიკურ დიალოგი
  • საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობები
  • ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ურთიერთობები
  • ახალი წევრი ქვეყნების მიღება
  • წევრი სახელმწიფოების მიერ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი
  • კონვენციებისა და შეთანხმებების შემუშავება
  • წევრი ქვეყნებისთვის რეკომენდაციების მიღება
  • ბიუჯეტის დამტკიცება
  • საქმიანობის პროგრამის დამტკიცება და მონიტორინგი
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენთა აღსრულების მონიტორინგი

მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა გარდამავალია და ყოველი 6 თვის შემდეგ იცვლება წევრი ქვეყნების ინგლისური ანბანის თანმიმდევრობით.

მინისტრთა კომიტეტი იკრიბება წელიწადში ერთხელ (გაზაფხულზე) მინისტერიალზე.

ორგანიზაციასთან მუდმივი კავშირის უზრუნველსაყოფად, მინისტრთა კომიტეტმა ურჩია წევრ სახელმწიფოებს, დაენიშნათ მოადგილე. მოადგილე იმავდროულად არის წევრი სახელმწიფოს მუდმივი წარმომადგენელიც. მუდმივი წარმომადგენლები ჩვეულებრივ, ელჩის, ცალკეულ შემთხვევებში კი საქმეთა რწმუნებულის (chargés d'affaires) რანგის მქონე დიპლომატები არიან. მოადგილეებს გააჩნიათ გადაწყვეტილების მიღების იგივე უფლებამოსილება, რაც მინისტრებს.

მინისტრთა მოადგილეების შეხვედრები იმართება ყოველკვირეულად, ოთხშაბათობით.

საპარლამენტო ასამბლეა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომლის პირველი სესია გაიმართა 1949 წლის 10 აგვისტოს, შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის წევრების უძველესი საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც დაარსდა მთავრობათშორისი ხელშეკრულების საფუძველზე. საპარლამენტო ასამბლეა, მინისტრთა კომიტეტთან ერთად, ევროპის საბჭოს წესდებით გათვალისწინებული ორგანოთაგან ერთ-ერთია და წევრ ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ ძალებს წარმოაჩენს.

ასამბლეა თავად განსაზღვრავს თავის სამუშაო პროგრამას და განიხილავს მიმდინარე ან პოტენციურად მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, თანამედროვე საზოგადოების წინაშე მდგარ პრობლემებსა და საერთაშორისო პოლიტიკის ასპექტებს.

ასამბლეაში წარმართული დებატები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მინისტრთა კომიტეტისა და ევროპის საბჭოს მთავრობათაშორისი სექტორის საქმიანობის მიმართულებათა განსაზღვრაში. გარდა ამისა, ასამბლეის წევრები დებატების შედეგებს წევრი ქვეყნების პარლამენტებს აწვდიან, რითაც სერიოზულ გავლენას ახდენენ თავიანთ მთავრობებზე.

90-იანი წლების დასაწყისში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულმა ისტორიულმა მოვლენებმა ასამბლეის წინაშე უნიკალური ამოცანა დასახა, რაც გულისხმობდა ამ რეგიონის ქვეყნების ჩართვას საერთოევროპული დემოკრატიზაციის პროცესში და გულისხმობდა ევროპის ქვეყნებს შორის მჭიდრო საპარლამენტო თანამშრომლობის ხელშეწყობას. ამგვარად, ასამბლეას საკუთარი წვლილი შეაქვს უფრო მძლავრი ევროპის- მშენებლობის საქმეში, სადაც არ იარსებებს გამყოფი ხაზები.

1989 საპარლამენტო ასამბლეის მიერ სპეციალური სტუმრის სტატუსის შემოღებამ საშუალება მისცა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც იყვნენ განვითარების პროცესში და არ იყვნენ ორგანიზაციის წევრები, დასწრებოდნენ ასამბლეის პლენარულ სხდომებს და სხვადასხვა კომიტეტის შეხვედრებს. ამგვარად, დამკვიდრებულმა ურთიერთობამ და გაცვლითმა პროცესებმა ხელი შეუწყო ხსენებულ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებას და ევროპის საბჭოში ამ ქვეყნების გაწევრიანებას. ბიუროს მოთხოვნით ასამბლეას შეუძლია, დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭოს ევროპის საბჭოს არა-წევრი სახელმწიფოს ეროვნულ პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წესდების საფუძველზე.

საპარლამენტო ასამბლეის 324 წევრი და მათი ამავე რაოდენობის შემცვლელი ირჩევა ან ინიშნება ეროვნული პარლამენტების წევრთა რიგებიდან. საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ დელეგაციათა შემადგენლობა იმგვარად არის განსაზღვრული, რომ თანასწორად იქნენ წარმოდგენილნი ეროვნული პარლამენტების პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები.

ასამბლეაში შედის 5 პოლიტიკური ჯგუფი: სოციალისტური ჯგუფი (SOC) ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი(EPP/DC), ევროპის დემოკრატიული ჯგუფი (EDG), ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი (ALDE), და გაერთიანებულ ევროპელ მემარცხენეთა ჯგუფი(UEL). პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა უზრუნველყონ ევროპის საბჭოს მიერ აღიარებულ ისეთ ფასეულობათა დაცვა, როგორიცაა პოლიტიკური პლურალიზმი, ადამიანის უფლებები და სამართლის უზენაესობა.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი

ევროპის საბჭო ყოველთვის აღიარებდა ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე დემოკრატიის არსებით როლს. სწორედ ამიტომ უწყობს იგი ხელს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, რომელიც, თავის მხრივ, აკმაყოფილებს მოქალაქეთა მოთხოვნებს მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად.

1994 წელს ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობათა მუდმივმოქმედი კონფერენციის ნაცვლად ევროპის საბჭომ დაარსა საკონსულტაციო ორგანო – ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესი. იგი შედგება ორი პალატისაგან: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა პალატისა და რეგიონების პალატისაგან.

კონგრესი არის პოლიტიკური ასამბლეა, რომელიც შედგება საარჩევნო მანდატის მქონე წარმომადგენლებისგან, რომლებიც არჩეული არიან სპეციფიკურ პროცედურათა მეშვეობით. მისი 324 მუდმივი და 324 შემცვლელი წევრი, რომლებიც წარმოადგენენ დაახლოებით 200 000 ევროპულ მუნიციპალიტეტსა და რეგიონს, გაერთიანებული არიან ეროვნულ დელეგაციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში. ამგვარად, კონგრესი წარმოადგენს დიალოგისთვის იდეალურ ფორუმს, სადაც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებები განიხილავენ საერთო პრობლემებს, ადარებენ თავიანთ გამოცდილებას, კომენტარებსა და თავიანთ მოსაზრებებს წარუდგენენ ეროვნულ მთავრობებს.

ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის განვითარების მიზნით, დაარსების დღიდან კონგრესმა შეიმუშავა რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია, რომელიც იქცა საერთაშორისო ოფიციალურ ხელშეკრულებად ამ სფეროში.

რეგიონულიი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის კანონპროექტი სავარაუდოდ დაეხმარება ამ მექანიზმს რათა დაამკვიდროს რეგიონული დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები და ამავე დროს გაითვალისწინოს წევრი სახელმწიფოების სპეციფიკური გარემოებები.

იგი ეხმარება ორგანიზაციის ახალ წევრებს გაეცნონ ნამდვილ ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმართველობას. იგი ეხმარება ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის ერთეულების ფაქტიურ დაფუძნებას და ამასთან ხელს უწყობს კონსულტაციებსა და პოლიტიკურ დიალოგს ეროვნულ მთავრობებსა და ტერიტორიულ ერთეულებს შორის.

კონგრესი ასევე თვალყურს ადევნებს ევროპაში ადგილობრივ დემოკრატიას წევრ სახელმწიფოებში არსებულ სიტუაციაზე "მონიტორინგის მოხსენებათა” გამოცემით. ამგვარად, იგი აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპებისა და ადგილობრივი დემოკრატიის მთავარი პრინციპების ეფექტურ განხორციელებას.

იგი ასევე ხელმძღვანელობს ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნების მონიტორინგს და ადგენს ევროპულ სტანდარტებს საარჩევნო საკითხებში.

ევროპის საბჭოში განსხვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძვლის მქონე ახალი წევრი სახელმწიფოების შესვლის შედეგად აუცილებელი გახდა კონგრესის ამოცანების ხელახალი გააზრება და განსაზღვრა. მაგალითად, კონგრესი მხარს უჭერს ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმართველობათა ეფექტურ ორგანიზებას რეგიონის და მოსაზღვრე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობით.

და ბოლოს, იგი რჩევებს აძლევს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეას ადგილობრივი და რეგიონული პოლიტიკის ყველა ასპექტთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა კომისარი

ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ინსტიტუტია. კომისრის მოვალეობაა ადამიანის უფლებათა დაცვა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი 2012 წლიდან ნილს მუჟნიეკსია. მისი წინამორბედები იყვნენ თომას ჰამარბერგი (2006-2012) და ალვარო ხილ-რობლესი (1999-2006).

ადამიანის უფლებათა კომისრის მანდატი

ადამიანის უფლებათა კომისრის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის რეზოლუციით (99) 50. ამ რეზოლუციის თანახმად, კომისარს ევალება:

  • ადამიანის უფლებათა დაცვის მეთვალყურეობა, წევრი ქვეყნების დახმარება ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტების შესრულებაში;
  • ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ადამიანის უფლებათა საკითხებზე;
  • საკანონმდებლო და პრაქტიკული დარღვევების გამოვლენა ადამიანის უფლებათა საკითხებში;
  • ადგილობრივი ომბუდსმენებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი სხვა ეროვნული სამსახურების საქმიანობის მხარდაჭერა; და
  • რეგიონის მასშტაბით კონსულტაციის გაწევა და ინფორმირება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე.

ამგვარად, კომისრის სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია რეფორმების წახალისება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საგრძნობი წინსვლის მიზნით. რადგანაც კომისრის ოფისი არასამართლებრივი ინსტიტუციაა, ის ინდივიდუალური საჩივრების საფუძველზე ვერ მოქმედებს. დამაჯერებელი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც კონკრეტული ადამიანების უფლებების შელახვის ფაქტებს ეხება, კომისარს შეუძლია მოსაზრებების შემუშავება და მასშტაბური ინიციატივების წამოწყება. კომისარი თანამშრომლობს საერთაშორისო და ეროვნულ ინსტიტუციებთან და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის სხვადასხვა მექანიზმებთან. კომისრის ოფისის ყველაზე მნიშნველოვანი მთავრობათაშორისი პარტნიორები არიან გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მისი სააგენტოები, ევროკავშირი და ეუთო. კომისარი მჭიდროდ თანამშრომლობს აგრეთვე ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან და თემატურ ჯგუფებთან.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შეიქმნა 1959 წელს და გახლავთ სრულ განაკვეთზე მომუშავე სასამართლო. სასამართლო მდებარეობს სტრასბურგში (საფრანგეთი).

მე-11 ოქმით შესწორებული კონვენციის ძალით დაარსებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მოიცავს ხელშემკვრელი სახელმწიფოების ტოლი რაოდენობის მოსამართლეებს (ამჟამად 47). მოსამართლეები აირჩევიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 9 წლის ვადით. მათი ხელმეორედ არჩევა არაა შესაძლებელი.

მოსამართლეები თავიანთი მოვალეობის შესრულებისას სარგებლობენ სრული დამოუკიდებლობით და არ წარმოადგენენ არცერთ სახელმწიფოს. მათ ეკრძალებათ ნებისმიერი იმ სახის საქმიანობაში ჩაბმა, რაც წინააღმდეგობაში მოვა მათი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, ისევე როგორც სრული სამუშაო დღის მოთხოვნებთან.

სასამართლოს რეგლამენტის თანახმად, სასამართლო იყოფა 5 სექციად, რომელთა შემადგენლობაში შედის თავმჯდომარე, ვიცე-თავმჯდომარე და სხვა მოსამართლეები. თითოეული მოსამართლე უნდა იყოს ერთ-ერთი სექციის წევრი, გეოგრაფიული და გენდერული წონასწორობის და ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ურთიერთგანსხვავებულ სამართლებრივ სისტემების გათვალისწინებით.

სექცია არის ადმინისტრაციული ერთეული, პალატა კი მოცემული სექციის იურიდიული ერთეულია. პალატა შედგება იმ სექციის თავმჯდომარისგან, რომელსაც დაევალა საქმის განხილვა, „ეროვნული მოსამართლისგან (მოსამართლე, რომელიც შერჩეულია იმ ქვეყნის მიხედვით, რომლის წინააღმდეგაც არის შეტანილი საქმე) და 5 სხვა მოსამართლისგან. დიდი პალატის შემადგენლობაშია სასამართლოს თავმჯდომარე, ვიცე-თავმჯდომარეები, სექციის პრეზიდენტები და ეროვნული მოსამართლე.

სასამართლოს მიზანია ინდივიდებისა და სახელმწიფოებისგან საჩივრების მიღება კონვენციით დაცული უფლებების დარღვევის თაობაზე. საპარლამენტო ასამბლეა ირჩევს მოსამართლეებს ცხრა წლის ვადით.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია

1952 წლიდან, როცა ევროპის საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციების საკონსულტაციო სტატუსი მიენიჭა, საგრძნობლად გაძლიერდა ევროპის საბჭოს თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ამჟამად 400-ზე მეტ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს მონაწილის სტატუსი. 2005 წლიდან დღემდე ისინი იკრიბებიან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციაზე, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების საყრდენს „ოთხმხრივ დიალოგში“ ევროპის საბჭოს, მინისტრთა კომიტეტს, საპარლამენტო ასამბლეასა და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესს შორის.

ისტორიული საფუძვლები

1950 წლის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია ევროპის საბჭოს ფარგლებში იქნა შემუშავებული. მისი ხელმოსაწერად გახსნა მოხდა 1950 წლის 4 ნოემბერს რომში, ძალაში კი შევიდა 1953 წლის ნოემბერში. კონვენციის ფუძემდებლებმა იხელმძღვანელეს 1948 წლის ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციით და შეეცადნენ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შემდგომი რეალიზებისა და შენარჩუნების გზით, მიჰყოლოდნენ ევროპის საბჭოს მიზნებს. კონვენციის დაბადება წარმოადგენდა პირველ ნაბიჯებს უნივერსალურ დეკლარაციაში ჩადებული ზოგიერთი უფლების კოლექტიური განმტკიცების საქმეში.

გარდა იმისა, რომ შექმნა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების მთელი კატალოგი, კონვენციამ საფუძველი ჩაუყარა ხელშემკვრელ მხარეთა მიერ აღიარებულ ვალდებულებათა შესრულების მექანიზმსაც. ეს ვალდებულება თავის თავზე აიღო სამმა უწყებამ: ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ (დაარსდა 1954 წელს), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (დაარსდა 1959 წელს) და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც წარმოადგენდა წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისა ან მათი წარმომადგენლების მუდმივ ფორუმს.

კონვენციის საწყისი ვერსიით, საჩივრით სასამართლოსადმი მიმართვა შესაძლებელი იყო ხელშემკვრელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ასევე ხელშემკვრელი სახელმწიფოსა ან ინდივიდუალური მომჩივნის მიერ (ადამიანები, მათი ერთობა ან არასამთავრობო ორგანიზაციები). თუმცა, სასამართლოსადმი ინდივიდუალური საჩივრით მიმართვის ცნობა სახელმწიფოთა მხრიდან ფაკულტატური იყო და შესაბამისად, შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ სახელმწიფოთა წინააღმდეგ, რომლებიც ცნობდნენ სასამართლოს ამგვარ იურისდიქციას (კონვენციის მე-11 ოქმით, სასამართლოს ამგვარი იურისდიქციის აღიარება შემდგომში გახდა სავალდებულო. იხ. მე-6 პარაგრაფი).

სასამართლოს ფუნქციონირების საწყის ეტაპზე საჩივრები პირველადი განხილვისათვის გადაეცემოდა კომისიას, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა მათი მისაღებობის საკითხი. საქმის მისაღებად გამოცხადების შემდეგ, კომისია მხარეებს სთავაზობდა თავის სამსახურს მორიგების მიზნით. ამ პროცედურის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში ის გამოსცემდა ფაქტობრივ მოხსენებას, რომელშიც გამოთქვამდა მოსაზრებას საქმის არსებითი განხილვის შესახებ. მოხსენება გადაეცემოდა მინისტრთა კომიტეტს.

თუკი მოპასუხე სახელმწიფოს მიერ აღიარებული იყო სასამართლოს სავალდებულო იურისდიქცია, კომისია და/ან საქმეში ჩართული ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე, მოხსენების მინისტრთა კომიტეტისადმი გადაცემიდან სამი თვის ვადაში, უფლებამოსილი იყო სასამართლოსათვის მოეთხოვა საქმის საბოლოო, სავალდებულო ხასიათის განხილვა. ინდივიდებს არ შეეძლოთ თავიანთი საჩივრის სასამართლოსათვის პირდაპირ გადაცემა.

საქმის სასამართლოსადმი გადაცემის მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში, მინისტრთა კომიტეტი თავად წყვეტდა კონვენციის დარღვევის საკითხს და საჭიროების შემთხვევაში განაწესებდა დაზარალებულისათვის სამართლიან კომპენსაციას. მინისტრთა კომიტეტს გააჩნდა ასევე სასამართლოს განჩინებათა აღსრულების ზედამხედველობის პასუხისმგებლობა.

შემდგომი ცვლილებები

კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან მიღებულ იქნა 13 ოქმი. ოქმები I, მე-4, მე-6, მე-7, მე-12 და მე-13 განავრცობს კონვენციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, მაშინ როდესაც მე-2 ოქმი სასამართლოს ანიჭებს სარეკომენდაციო სახის მოსაზრებების გამოცემის ძალაუფლებას; მე-9 ოქმი საშუალებას აძლევს ინდივიდუალურ მომჩივნებს, მიმართონ სასამართლოს, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ ამ ოქმის რატიფიცირებისა და სპეციალური გამფილტრავი კოლეგიის მხრიდან მოწონების პირობების გათვალისწინებით; მე-11 ოქმი ახდენს განჩინებათა აღსრულების მექანიზმის რეფორმირებას (იხ. ქვემოთ); დანარჩენი ოქმები ეხება კონვენციით გათვალისწინებულ უწყებათა ორგანიზებასა და პროცედურულ საკითხებს

1980 წლიდან მოყოლებული, კონვენციით დაარსებული უწყებებისადმი წარდგენილ საჩივართა მზარდმა რაოდენობამ სულ უფრო გააძნელა სამართალწარმოების ვადების მისაღებ ჩარჩოებში მოქცევა. პრობლემას ამძიმებდა ახალ ხელშემკვრელ მხარეთა გაჩენა 1990 წლიდან. ყოველწლიურად კომისიაში რეგისტრირებულ საჩივართა რაოდენობა 1981 წელს დაფიქსირებული 404-დან 1997 წლისათვის გაიზარდა 4750-მდე. ამ დროისათვის 12 ათასამდე გაიზარდა ასევე კომისიაში ყოველწლიურად გახსნილი დაურეგისტრირებელი ან დროებითი ფაილების რაოდენობა. მსგავს სურათს ასახავდა სასამართლოს სტატისტიკაც, მასში ყოველწლიურად შეტანილ საქმეთა რაოდენობის 7-დან 119-მდე ზრდით 1981 -–1997 წლების ინტერვალში.

საჩივრების ამგვარმა მოზღვავებამ დააჩქარა კონვენციის საზედამხედველო მექანიზმის რეფორმირების საჭიროებაზე წარმოებული ხანგრძლივი დებატები, რამაც შედეგად მოიტანა მე-11 ოქმის შემუშავება. მიზანი გახლდათ სტრუქტურის გამარტივება სამართალწარმოების ვადების შემოკლებისათვის, მაშინ როდესაც უნდა მომხდარიყო სისტემის იურისდიქციის გაფართოება მისი სრულად იძულებითი ხასიათის აღიარებით და მინისტრთა კომიტეტის სამოსამართლო როლის გაუქმებით.

მე-11 ოქმმა, რომელიც ძალაში შევიდა 1998 წლის 1 ნოემბერს, არსებული ნახევარგანაკვეთზე მომუშავე სასამართლო და კომისია შეცვალა ერთი, სრული დატვირთვით მომუშავე სასამართლოთი. კომისიას, ერთწლიანი შუალედური პერიოდის ვადით (1999 წლის 31 ოქტომბრამდე), უნდა გაეგრძელებინა მის მიერ მანამდე მისაღებად გამოცხადებულ საქმეთა განხილვა.

მე-11 ოქმის ძალაში შესვლიდან სამი წლის განმავლობაში, სასამართლოში შემოსულ საქმეთა რაოდენობამ უპრეცედენტო ზღვარს მიაღწია. დარეგისტრირებული საჩივრების რაოდენობა გაიზარდა 5979 -–დან 13 858 - მდე 1998 - 2001 წლების პერიოდში, რაც შეადგენდა 130%-იან ზრდას. სასამართლოს შესაძლებლობებში დაეჭვებამ, განეხილა ამგვარად მზარდი რაოდენობის საქმეები, წარმოშვა მოთხოვნები დამატებითი რესურსების მოზიდვის თაობაზე და სპეკულაციები შემდგომი რეფორმის საჭიროების შესახებ.

2000 წლის 3-4 ნოემბერს გამართულმა ადამიანის უფლებების მინისტრთა კონფერენციამ, რომელიც კონვენციის ხელმოსაწერად გახსნის 50 წლისთავს მიეძღვნა, დასაბამი მისცა სისტემის რეფორმირებაზე მსჯელობის პროცესს. 2002 წლის ნოემბერში, მინისტრთა დეკლარაციის - ადამიანის უფლებათა სასამართლო ევროპისათვის - რეალიზების სახით, ადამიანის უფლებათა მუდმივმოქმედ კომიტეტს მინისტრის მოადგილეებმა მიანიჭეს სათანადო კომპეტენცია, შეემუშავებინა კონკრეტული და თანმიმდევრული წინადადებების პაკეტი, მომცველი სასწრაფოდ განხორციელებადი საშუალებებისა და შესაძლო ცვლილებებისა კონვენციაში.

ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი

ევროპის საბჭოს სოციალური განვითარების ფონდი დაარსდა 1956 წელს (1999 წლის 1ნოემბრიდან მისი ახალი სახელწოდებაა ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი) და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს.

ბანკში 41 წევრი სახელმწიფოა. ევროპის საბჭოს ნებისმიერ წევრ ქვეყანას შეუძლია ბანკში გაწევრიანება.

ბანკი ხელს უწყობს სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტების იმპლემენტაციას შემდეგი სექტორების მიხედვით:

  • სოციალური ინტეგრაციის გაძლიერება;
  • გარემოს დაცვა;
  • საჯარო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა სოციალური დანიშნულებით;
  • მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა.

ბანკს გააჩნია შემდეგი ფინანსური ინსტრუმენტები:

    • სესხები პროექტებისთვის
    • სესხები პროგრამებისთვის
    • ევროპული თანადაფინანსების საშუალებები
    • საჯარო დაფინანსების ინსტრუმენტი

ბანკი სესხს გასცემს საკუთარი მანდატის საფუძველზე. უნდა სესხი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ ტექნიკურ და სოციალურ კრიტერიუმებს და უნდა შეესაბამებოდეს ბანკის პოლიტიკასა და კურსს.

ბანკის ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და ზედამხედველობითი ფუნქცია გადანაწილებულია შემდეგ ორგანოებზე - მმართველი საბჭო, ადმინისტრაციული საბჭო, მმართველი და აუდიტის საბჭო.

მმართველი საბჭო შედგება თავმჯდომარისა და თითოეული ქვეყნიდან თითო წარმომადგენლისაგან. საბჭო შეიმუშავებს ბანკის საქმიანობის მთავარ მიმართულებებს, ადგენს წევრობისთვის საჭიროა პირობებს, იღებს გადაწყვეტილებას კაპიტალის გაზრდაზე, ამტკიცებს წლიურ ანგარიშს. მმართველი საბჭო ირჩევს საკუთარ თავმჯდომარეს და აგრეთვე ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარეს, ნიშნავს ბანკის მმართველს და აუდიტის საბჭოს წევრებს.

ადმინისტრაციული საბჭო შედგება თავმჯდომარისა და თითოეული ქვეყნიდან თითო წარმომადგენლისაგან. საბჭო ასრულებს მმართველი საბჭოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებას, ადგენს და ზედამხედველობას უწევს ოპერაციულ პოლიტიკას, ამტკიცებს მთავრობების მიერ წარდგენილ საინვესტიციო პროექტებს. ხმას აძლევს ბანკის ბიუჯეტს.

მმართველი არის ბანკის იურიდიული წარმომადგენელი. ინიშნება 5 წლის ვადით და შესაძლებელია მისი ხელმეორედ არჩევა.

აუდიტის საბჭო შედგება სამი წევრისაგან, რომელიც აირჩევა მისი ფინანსური და ეკონომიკურ საკითხებში კომპეტენციების გათვალისწინებით. მოქმედებენ სრულიად დამოუკიდებლად.

დოკუმენტები