საქართველოს მისწრაფება, გახდეს ევროკავშირის წევრი, ეფუძნება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროპულ არჩევანს. ქვეყნის ევროპული მისწრაფების უალტერნატივობა ხაზგასმულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციაში, ასევე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის რეზოლუციის ტექსტში.
ევროკავშირთან თანამშრომლობის უმთავრესი სამართლებრივი საფუძველი, ასოცირების შეთანხმება, ცნობს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის, ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს. შეთანხმება აღიარებს მხარეებს შორის საერთო ღირებულებებს და ღიას ტოვებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სამომავლო პროგრესული განვითარების გზას. საგზაო რუკის მიზანია ერთიანი ჩარჩოს ჩამოყალიბება საქართველოში მიმდინარე რეფორმებისათვის, რომლებიც მიმართულია სტაბილური დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარების, ქმედითი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებისა და ევროკავშირის კანონმდებლობის საქართველოს შიდა კანონმდებლობაში გადმოტანის შესაძლებლობათა განვითარებისაკენ. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საბოლოო მიზანია - ევროკავშირში გაწევრიანება ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად.
ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, დემოკრატიული ტრანსფორმაციის და განვითარების უმნიშვნელოვანესი მოტივატორი იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც 2004 და 2007 წლებში ამ საერთო ევროპული ოჯახის წევრები გახდნენ. გაფართოება დღემდე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მძლავრ ინსტრუმენტად რჩება, რომელიც ევროპული ინტეგრაციის გზაზე მდგომ ქვეყნებში პოზიტიურ ცვლილებებს უწყობს ხელს. ამის კარგი მაგალითია ბალკანეთის ქვეყნები. როგორც ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალურ სტრატეგიაშია ხაზგასმული, „ჭეშმარიტი გაფართოების პოლიტიკა არის სტრატეგიული ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში“.
ამავდროულად ევროკავშირი, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რომელთაც პირდაპირი გავლენა აქვთ საქართველოსა და მის ევროპულ ინტეგრაციაზე. მიგრაციულმა და ეკონომიკურმა კრიზისმა, ტერორიზმისა და რადიკალიზაციის საფრთხემ, გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვებაზე გადაწყვეტილებამ (ე.წ. „ბრექსიტმა“) და ევროსკეპტიკური ძალების მომძლავრებამ ევროკავშირში საკმაოდ ნეგატიური ფონი შექმნა, რამაც ევროკავშირის მესვეურების დღის წესრიგში გაერთიანების ფუნქციური გაძლიერების აუცილებლობა დააყენა. ამ ფონზე, წევრ ქვეყნებში შემდგომი გაფართოებისადმი ფრთხილი დამოკიდებულება ჭარბობს. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ევროკომისიის მიერ 5 წლიანი პაუზის შემდეგ დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით გაფართოების პროცესის განახლება ცალსახად დადებითი სიგნალია საქართველოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი სხვა ევროპული ქვეყნებისთვის. 2017 წლის 25 მარტს ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიერ რომში ხელმოწერილ დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის კარი ღიაა იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც იცავენ ევროპულ ფასეულობებს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე საქართველომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა წარმატებით განახორციელოს აუცილებ ელი რეფორმები და სათანადოდ წარმოაჩინოს პროგრესი.
უკანასკნელ წლებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიზმით ხასიათდება, რასაც კონკრეტული მიღწევები განაპირობებს, მათ შორისაა ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, უვიზო რეჟიმის ფუნქციონირება, ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება, თანამშრომლობის ისეთი ახალი ფორმატები როგორიცაა საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის უმაღლესი დონის შეხვედრა და უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი. ამ წარმატებებმა საქართველო წარმოაჩინეს როგორც ერთ-ერთი ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა, რაც ხაზგასმულია ევროკავშირის არაერთ ანგარიშსა თუ განცხადებაში.
აღნიშნული პროგრესის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ევროკავშირთან საქართველოს უფრო მჭიდრო ინტეგრაცია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ასევე სხვა სექტორული ხასიათის შეთანხმებებით.
ასოცირების შეთანხმებით, საგზაო რუკითა და შესაბამისი სამოქმედო გეგმით განსაზღვრული რეფორმების ეფექტიანმა განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს მზაობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის და შესაბამისად, ინტეგრაციის შემდეგი ეტაპებისა და პოლიტიკური ნაბიჯებისათვის.
წინამდებარე დოკუმენტში ასახულია საქართველოს მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები, რომლებიც საწყის ეტაპზე ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ღონისძიებებთან ერთად მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან საქართველოს მეტ პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას.
შესაბამისად, დოკუმენტში ასახულია, როგორც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების თანმიმდევრული განხორციელების საკითხი, ასევე ცალკეული სფეროების მიხედვით გამოკვეთილია ის ღონისძიებები, რომლებიც სცილდება ასოცირების შეთანხმებას. გარდა აღნიშნულისა, საგზაო რუკაში ასახულია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, ევროკავშირის პროგრამებში ჩართულობისა და პრიორიტეტულ სააგენტოებთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები, ასევე ქვეყნის ევროკავშირში ფიზიკური ინტეგრაციის პერსპექტივები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. დოკუმენტში მოყვანილია ასევე მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნება საკანონმდებლო დაახლოების შესაძლებლობების იდენტიფიკაციასა და მათ შემდგომ განხორციელებაზე.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკით განსაზღვრული რეფორმების განხორციელება ახალ დინამიზმს შესძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და უზრუნველყოფს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის კანონმდებლობის მაქსიმალურ დაახლოებას, ასევე ინსტიტუციური და სექტორული ინტეგრაციის უფრო მაღალი ხარისხის მიღწევას, ვიდრე ეს ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული.
ამავდროულად, საქართველოს ევრო ქვეყნის ევროინტეგრაციის კავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა ხელს შეუწყობს პროცესის სისტემურობის, თანმიმდევრულობის, პროგნოზირებადობისა და გამჭვირვალობის ამაღლებას. აღნიშნული დოკუმენტის შემუშავება მნიშვნელოვანია, როგორც დონორი ორგანიზაციების, ისე ბიზნეს წრეებისა და ინვესტორებისთვის, გრძელვადიან პერიოდში საქმიანობის დაგეგმვის თვალსაზრისით.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა შემუშავდა სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩართულობითა, და ევროკავშირის ექსპერტიზის სამოქალაქო საზოგადოების აქტიური გამოყენებით. სისტემატურად წინამდებარე დოკუმენტი განახლებადია და მისი გადახედვა ცვლილებების შეტანის მიზნით სისტემატურად განხორციელდება.