მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა ყველა ჩვენგანისთვის, ვინაიდან გაეროს გენერალურ ასამბლეას ყველასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ვფიქრობ, საქართველოს როლი, ან, უფრო სწორად, სამხრეთ კავკასიის როლი, იზრდება არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური თვალსაზრისითაც. ის, რაც ხდება ფართო რეგიონში, მნიშვნელოვანია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, შეერთებული შტატებისთვისაც, მათ შორის, იმ გეოპოლიტიკური ნაბიჯების გათვალისწინებით, რომლებსაც შეერთებული შტატები დგამს.
საქართველო ყოველთვის იყო საიმედო პარტნიორი. ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ შეერთებულ შტატებთან ძალიან მჭიდრო პარტნიორობა განვავითარეთ. საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში თავისი წვლილი შეჰქონდა შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ეგიდით წარმოებულ მისიებში. ჩვენ ვამაყობთ ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული პარტნიორობით. ბოლო წლებში შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენს რეგიონში. თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას გავიხსენებთ, ეს ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით. ჩვენ ძალიან გვახარებს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები და, ამასთანავე, აღვნიშნავთ რეგიონში მიმდინარე პროცესებში შეერთებული შტატების, და პირადად პრეზიდენტ ტრამპის მიერ შესრულებულ როლს.
ეს ხელს უწყობს ახალი შესაძლებლობების შექმნას რეგიონში, ჩვენს ორივე მეზობელ ქვეყანასთან - აზერბაიჯანსა და სომხეთთან მიმართებით, რომლებთანაც საქართველოს ძალიან კარგი სტრატეგიული ურთიერთობები აქვს. რა თქმა უნდა, ამ ახალი პროცესებისა და იმ როლის გათვალისწინებით, რომელსაც შეერთებული შტატები ამჟამად რეგიონში ასრულებს, ჩვენ მომავალში რეგიონში ახალი შესაძლებლობების გაჩენას მოველით.
გმადლობთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, იმის ახსნისა და აღნიშნვისთვისაც, რომ ზოგჯერ ევროპული ინტეგრაცია პოლიტიკური ინსტრუმენტის სახით გამოიყენება და ჩვენ არ ვიცით, კარგია თუ არა თავად ევროკავშირის გაფართოებისთვის.
საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირთან ურთიერთობები ემოციური საკითხია და მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს ისტორიასა და საქართველოს მრავალწლიან მისწრაფებას გახდეს ევროპის ნაწილი და, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ნაწილი.
ჩვენ უფრო მეტი საფუძველი გვაქვს ამისთვის. ვგულისხმობ იმას, რომ 2014 წლიდან საქართველო წარმოადგენს ევროკავშირის ასოცირებულ პარტნიორს, მანამდე, ჩვენ ევროკავშირთან გვქონდა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რასაც შედეგად მოჰყვა ასოცირებული პარტნიორობის ჩამოყალიბება. ევროკავშირთან ჩვენ ასევე ხელმოწერილი გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და პრაქტიკული თანამშრომლობით შესაძლებლობებით ვსარგებლობთ.
თუმცა, ამ ეტაპზე, თუ არსებულ ვითარებას შევაფასებთ, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გეოპოლიტიკური კონტექსტი შეცვლილია, ხოლო გაფართოებამ გარკვეული ახალი იმპულსი შეიძინა.
პირველ რიგში, ჩვენ ვაკვირდებით დასავლეთ ბალკანეთს, რათა გავიგოთ, არის თუ არა გაფართოება კვლავ აქტუალური და კვლავ ეფექტიანად მუშაობს თუ არა ის. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ჩვენ მისი ეფექტიანობის დამადასტურებელი რეალური მაგალითები გვჭირდება. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და ევროკავშირი რეალურ შედეგებს დებენ.
მეორე საკითხია, რა მოხდება ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს ევროპულ სტრუქტურებში ყოფნის გამოცდილება. იგივე შეიძლება ითქვას ევროკავშირზეც. ევროკავშირს გაფართოება სურს, მაგრამ, ამავდროულად, ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება არ გააჩნია.
ამ პროცესში, ორივე მხარემ ერთმანეთისგან უნდა ვისწავლოთ, ასევე უნდა ვისწავლოთ ერთიან სივრცეში თანაარსებობა. თუ ჩვენ ერთ ოჯახში ცხოვრებას ვაპირებთ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ.
ჩვენ არც ველით რომ რაიმე თავისთავად მოხდება. ვიცით, რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. დიდ ყურადღებას ვუთმობთ ეკონომიკურ განვითარებას, რაც ევროპული ინტეგრაციისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. ჩვენი განვითარების სხვადასხვა მიმართულებასა და სხვადასხვა ასპექტზე უნდა ვკონცენტრირდეთ, ხოლო ეკონომიკურ განვითარებას მრავალი თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს და ამით ვამაყობთ. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ყურადღება სხვადასხვა პროექტზე გავამახვილოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია დაკავშირებადობაზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და დიდ ძალისხმევასა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ამ საკითხზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ამჟამად.
საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ბუნებრივად გვაძლევს სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონთან, სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობას. ამან შეიძლება სარგებელი მოუტანოს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, ამავდროულად, ევროპასა და ფართო რეგიონსაც.
აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ პირველ რიგში ვესწრაფვით ვაჭრობის განვითარებას, მათ შორის, დაკავშირებადობის გაძლიერების ჭრილში. საქართველოს სხვადასხვა ქვეყანასთან გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 16 შეთანხმება. ეს ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს საქართველო მსოფლიო რუკაზე გამოვიტანოთ, როდესაც სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე ვსაუბრობთ.
როდესაც პრემიერ-მინისტრმა ახსენა ენერგეტიკისა და ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონთან პარტნიორობის განვითარება. საქართველომ, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად, უკვე მოახდინა დაკავშირებადობის პრაქტიკული რეალიზება. ათწლეულების განმავლობაში ჩვენს რეგიონში არსებული პროექტები მნიშვნელოვანია როგორც ევროპისთვის, ისე ცენტრალური აზიისთვისაც.
ასე რომ, მოცემულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში იქმნება სიტუაცია, როდესაც საქართველოს ეკისრება საკმაოდ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური როლი, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა პარტნიორული ურთიერთობის განვითარებას მოითხოვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვანაცვლებთ ჩვენს მისწრაფებას გავხდეთ ევროკავშირის წევრი.
საქართველო მართლაც მნიშვნელოვანი ქვეყანაა იმ თვალსაზრისით, რომ ის ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას აკავშირებს ზღვასთან და დასავლეთის ბაზრებთან. ამ თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურის განვითარებას უდავოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ორი მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი, რომლებიც ამ კავშირს უზრუნველყოფს, და ამას სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ცენტრალური აზიისა და ჩვენი რეგიონის იმ რვა ქვეყნისთვისაც, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ.
ჩვენ ასევე ვმუშაობთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტზე, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი რეგიონის შესაძლებლობებს დაკავშირებადობის კუთხით.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ენერგეტიკულ დაკავშირებადობაზე. ჩვენ უკვე განვახორციელეთ პროექტები, რომლებიც აზერბაიჯანიდან, თურქეთის გავლით, ჩვენს ბაზრებს ევროპულ ბაზართან აკავშირებს.
კიდევ ერთი პროექტი, რომლის განხორციელებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, არის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი, რომელიც ევროკავშირის პრიორიტეტული პროექტების ნუსხაშია. მისი განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი რეგიონისთვის, ისე ევროპული მხარისთვისაც, რამდენადაც ის უზრუნველყოფს აზიის ფართო რეგიონთან დაკავშირებადობას.
ასევე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო და სარკინიგზო პროექტები. ჩვენ ახლახან ავამოქმედეთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც აძლევს სარკინიგზო გზით დასავლეთის ბაზრებთან დაკავშირების შესაძლებლობას.
მაგრამ შესაძლებლობები ამით არ სრულდება. ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოს გავლით კიდევ მრავალი სხვა პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი და, ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენ სწორედ ამ მიმართულებაზე ვამახვილებთ უდიდეს ყურადღებას. თუმცა, საუბარი არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
საუბარია ბევრად უფრო მასშტაბურ პროცესზე, რომელშიც მოიაზრება ყველა მნიშვნელოვანი რეგიონისა და მიმართულების ერთმანეთთან დაკავშირება.
უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს პერსპექტივიდან არის მნიშვნელოვანი, რომ ხორციელდებოდეს სწორი პოლიტიკა. საქართველო საკმაოდ კარგი ტემპით მიიწევს წინ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესით, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ კორუფციის დაბალ დონესა და ეკონომიკური განვითარების მაღალ მაჩვენებლებს. ეს სტიმულს აძლევს ბიზნესსა და ინვესტორებს ჩამოვიდნენ საქართველოში და განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში.
გეოპოლიტიკური კონტექსტისა და საქართველოში ბიზნესის დასაწყებად არსებული უსაფრთხო გარემოსა და ხელსაყრელი პირობების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ახალი შესაძლებლობები იქმნება. ეკონომიკური მაჩვენებლებიც საკმაოდ კარგია. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 8-9%-ს შეადგენს, რაც ევროპაში ძალიან მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა პროექტის განხორციელების პერსპექტივები განვიხილოთ.
ჩვენი რეგიონისთვის საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, თუმცა ვამაყობთ, რომ შევძელით ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება. სწორედ ეს არის ამ მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა - მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ შევძელით საქართველოს შემდგომი განვითარებისა და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფა. სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს იმედისთვის, რომ ორი წლის შემდეგ საქართველო გაცილებით უკეთესი ადგილი იქნება საცხოვრებლად, მოსანახულებლად და სამუშაოდ.
რა თქმა უნდა, ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ეს ქმნის ეკონომიკური განვითარებისა და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საფუძველს.