მოგესალმებით,
მივესალმები შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს, ბატონ ლაზარ კომანესკუს. მოხარული ვარ გიმასპინძლოთ თბილისში და მადლობას მოგახსენებთ ჩამობრძანებისთვის.
2026 წლის 1 იანვრიდან საქართველო გახდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. მომდევნო 6 თვის განმავლობაში საქართველო თავმჯდომარის რანგში წარმართავს ორგანიზაციის მუშაობას და მაქსიმალურად ვეცდებით ხელი შევუწყოთ მის ეფექტიან ფუნქციონირებას.
ჩვენ გვჯერა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, სტაბილურობა და განვითარება ევროპის კეთილდღეობის საფუძველია. დღეს შავი ზღვის რეგიონი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით უსაფრთხოების კუთხით, რაც ერთგვარად გლობალური პოლიტიკის ეპიცენტრში აქცევს ჩვენს რეგიონს. გამოწვევებთან გამკლავების გზების ძიების კვალდაკვალ, ჩვენ უნდა შევძლოთ იმ შესაძლებლობებზე მუშაობა რაც არსებობს რეგიონში.
საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ღია ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უალტერნატივო კვანძად აქცევს. რთულ და მუდმივად ცვალებად გლობალურ გარემოში, საქართველო ინარჩუნებს კონსტრუქციული და საიმედო პარტნიორის სტატუსს და გადამწყვეტ როლს ასრულებს გლობალური მიწოდების ჯაჭვების ფორმირებაში, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში.
ჩვენი ხედვა ეფუძნება დაკავშირებადობის გაძლიერებას, სადაც „შუა დერეფანი“ არა მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი, არამედ უსაფრთხო, სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ხიდია. მიმდინარე ინფრასტრუქტურული ინიციატივები, მათ შორის: ნავთობსადენი, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, შავი ზღვის თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება, რკინიგზის სისტემის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტები - მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის საერთო კეთილდღეობას.
მსურს, ვისარგებლო შესაძლებლობით და ხაზი გავუსვა საქართველოსა და BSEC-ს შორის არსებულ თანამშრომლობას. საქართველო, როგორც BSEC-ის დამფუძნებელი წევრი, დაარსების დღიდან აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ დიალოგსა და ეკონომიკურ მდგრადობას. არსებული უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება ორგანიზაციის პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზებისთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ შავი ზღვა გახდეს დამაკავშირებელი და არა გამყოფი ჩვენს რეგიონში.
თავმჯდომარეობის ფარგლებში განვსაზღვრეთ რიგი პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც საფუძვლად დაედება დაგეგმილი ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელებას.
საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები შეეხება რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებას და შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობას, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დიგიტალიზაციასა და კარგი მმართველობის ხელშეწყობას, რეგიონის ტურისტული პოტენციალის და კულტურული კავშირების გაძლიერებას.
ჩვენ გენერალურ მდივანთან ერთად განვიხილეთ ორგანიზაციის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები, მომდევნო 6 თვის გეგმები და პრიორიტეტები, რომლებიც განსაზღვრავს ორგანიზაციის დღის წესრიგს საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში.
დასასრულს, მსურს კიდევ ერთხელ დავუდასტურო გენერალურ მდივანს, ქართული მხარის მზაობა, თავმჯდომარეობის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების განხორციელებას, რათა BSEC დარჩეს ქმედით ინსტრუმენტად შავი ზღვის რეგიონის განვითარების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის.