ჩემთვის პატივია მშვიდობის მშენებლობის კომისიის მინისტერიალში მონაწილეობა. მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა ჩავერთო ეროვნული პასუხისმგებლობისა და მშვიდობის მშენებლობის საერთაშორისო მხარდაჭერასთან დაკავშირებულ ამ მნიშვნელოვან დისკუსიაში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაფუძნებიდან რვა ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგაც, მშვიდობა კვლავ ჩვენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთო პასუხისმგებლობად რჩება.
საქართველოსთვის მშვიდობას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. ჩვენ ათწლეულების განმავლობაში მოგვყვება ომისა და კონფლიქტის შედეგები და მათი გავლენა დღესაც ღრმად აისახება ჩვენი საზოგადოების ყველა ფენაზე.
რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია ჩვენი ყოველდღიური რეალობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიცით მშვიდობის ფასი. ჩვენ ვიცით, რომ მშვიდობა ჩვენი განვითარების, კეთილდღეობისა და მომავლის საფუძველია. სწორედ ეს ხედვა განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, განსაკუთრებით უსაფრთხოების ისეთ გარემოში, რომელიც სულ უფრო არაპროგნოზირებადია.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გრძელდება, ხოლო ახლო აღმოსავლეთი არასტაბილურობის კიდევ ერთ მძიმე პერიოდს გადის, იქ მიმდინარე მოვლენები კი გავლენას ახდენს ენერგეტიკაზე, ვაჭრობასა და უსაფრთხოების გარემოზე.
ამ კონტექსტში, ქვეყნის შიგნით მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. ჩვენი მიდგომა თანმიმდევრულია: ჩვენ კვლავ მტკიცედ ერთგული ვართ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან ჩართულობის.
ამავდროულად, ჩვენ ვიხილეთ, თუ რა შესაძლებლობები ჩნდება მაშინ, როდესაც ქვეყანას შეუძლია სტაბილურობის შენარჩუნება და საკუთარი ძალისხმევის მომავლზე კონცენტრირება. საქართველომ შეინარჩუნა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, მნიშვნელოვნად შეამცირა სიღარიბის დონე და მდგრადი განვითარების მიმართულებით თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია. სტაბილურობამ ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვისა და დაკავშირებადობის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა.
ეს არ არის მიღწევები მხოლოდ განვითარების კუთხით. ეს მიღწევები ცხადყოფს, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის მშვიდობა.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეროვნული პასუხისმგებლობა და სუვერენული გადაწყვეტილებების მიღება. საერთაშორისო მხარდაჭერა აუცილებელია, თუმცა ის ვერ ჩაანაცვლებს ეროვნულ პასუხისმგებლობას. მდგრადი მშვიდობა მოითხოვს ძლიერ ეროვნულ ინსტიტუტებს, ეროვნულ პრიორიტეტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლების პატივისცემას, თავად განსაზღვროს საკუთარი განვითარების გზა. ამასთანავე, იგი მოითხოვს საზოგადოების ნდობასა და ჩართულობას.
იმ ფონზე, როდესაც არასტაბილურობა მეზობელ რეგიონებზე ახდენს გავლენას, უფრო მშვიდობიანი და პროგნოზირებადი სამხრეთ კავკასია მეტ შესაძლებლობებს შექმნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ინვესტიციებისთვის, თანამშრომლობისა და დაკავშირებადობისთვის.
სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვანია როგორც ორი ქვეყნისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. საქართველოსთვის ამას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ჩვენი ქვეყანა ინვესტიციებს ახორციელებს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სატრანსპორტო კავშირებში, რომლებიც რეგიონს უფრო ფართო საერთაშორისო ბაზრებთან აკავშირებს. უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას შეუძლია მეტად გააძლიეროს ეს შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს მთლიანად რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
ჩვენ ვიცით კონფლიქტის ფასი და ისიც ვიცით, თუ რა შეგვიძლია შევქმნათ მშვიდობის პირობებში. სწორედ ამიტომ, მშვიდობა ჩვენთვის არის არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ განვითარების პრიორიტეტი და ჩვენი ვალდებულება მომავალი თაობების წინაშე.