უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ ფორუმზე მოწვევისა და გულითადი მასპინძლობისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
ეს საკითხი საქართველოსთვის ძალიან აქტუალურია. განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ ადგილი აქვს მასშტაბურ დეზინფორმაციულ კამპანიებს, მაგრამ რეალობა სრულიად განსხვავებულია. ის, რასაც ხშირად ვისმენთ, აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. ერთი საკითხია, როგორ აწვდი შენს გზავნილს ქვეყნის შიგნით, შიდა აუდიტორიას, და მეორე - რას ისმენს საერთაშორისო საზოგადოება. თუ ბოლო წლებში საქართველოს ან საქართველოს ხელისუფლების შესახებ მედიასივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას შეისწავლით, უამრავ ასეთ ფაქტს შეხვდებით.
ვფიქრობ, ასეთი ინტენსიური კამპანია თუ საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობითა და როლით არის განპირობებული. დღეს საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ „შუა დერეფანზე“, თუმცა „შუა დერეფანი“ მხოლოდ დერეფანი, მხოლოდ ფიზიკური მარშრუტი არ არის - ეს არის სივრცე, სადაც ყველაფერი ეს ერთად იყრის თავს. ევროპული პერსპექტივიდანაც, ევროპის უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისა და მომავლისთვის მნიშვნელოვანია რუკაზე ისეთი ადგილის პოვნა, სადაც ერთმანეთს კვეთს შესაძლებლობები და გამოწვევები, რათა შემდგომ ამ ყველაფერზე ვიმუშაოთ.
ჩვენი გადმოსახედიდან, საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ვიმყოფებით, თუმცა ეს ჩვენი ისტორიის ნაწილიცაა. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, ასევე გვაქვს მდგრადობა და გვაქვს ისტორია, რომელმაც საქართველო დღევანდელ დღემდე მოიყვანა. თუმცა, ჩვენ შესაძლებლობების თვალსაზრისით ვუყურებთ თავად ამ გეოპოლიტიკურ კონტექსტსაც - თქვენ ახსენეთ ოკუპაცია, და დიახ, საქართველოს რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა, რაც, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეს ქმნის. უამრავი შესაძლებლობა არსებობს, თუ ყურადღებას გაამახვილებ მშვიდობისა და სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებაზე. დღეს ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ და ამავდროულად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე ვმუშაობთ.
ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასეთად დარჩება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური საკითხია - ის დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან, ჩვენს ისტორიასთან, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი მომავალიცაა. ამასთან ერთად, ჩვენ სხვა რეგიონებთანაც ვავითარებთ პარტნიორობას, რაც ასევე ის უმნიშვნელოვანესი როლია, რომელიც საქართველომ უნდა განავითაროს.
ეს არის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს. საქართველოს შესახებ ხშირად სხვადასხვა ნარატივს მოისმენთ, თუმცა ჩვენი გზავნილია - შეხედეთ ციფრებს: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, იმ პარტნიორობების მასშტაბს, რომელსაც საქართველო ავითარებს. მხოლოდ ერთ მარტივ ფაქტს მოვიყვან: საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან 16 თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს, რაც ქვეყანას დამატებით ღირებულებას სძენს. საქართველოს რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - დაახლოებით 8%, რაც შთამბეჭდავი ციფრია. სწორედ ეს არის საუკეთესო პასუხი ყველა იმ მცდარ ნარატივზე, რომელსაც საქართველოს შესახებ ვისმენთ.
როდესაც ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ იდენტობაზე ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი ძალიან ღრმად არის ფესვგადგმული საქართველოს ისტორიასა და ქართულ იდენტობაში. შესაბამისად, ქართველებისთვის ევროპისკენ სწრაფვა სრულიად ბუნებრივია. ევროკავშირთან ურთიერთობა საქართველოსთვის საკმაოდ დელიკატური საკითხია როგორც გეოპოლიტიკური, ისე ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე. თუ საკითხს ამ კუთხით შევხედავთ, დავინახავთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საქართველოს ევროპული მისწრაფებები ჩამოაყალიბა, თუმცა ეს სწორედ ის ღირებულებებია, რომლებმაც ქართული იდენტობაც შექმნა. ამიტომ ეს საქართველოსთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ბოლო წლებში ეს ძალიან მგრძნობიარე და დელიკატური თემა ზოგიერთი აქტორის მიერ სხვადასხვა პოლიტიკური მიზნისთვის გამოიყენება, რაც, ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა.
თუ გაფართოებაზე ვსაუბრობთ და თუ სერიოზულად ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხრეთ კავკასია რუკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი კეთილდღეობისთვის, რადგან საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა არა მხოლოდ ენერგორესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით, არამედ ბევრი სხვა ფაქტორის გამოც, რაც სხვადასხვა ასპექტში მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის.
ამიტომ, თუ გაფართოებაზე ვსაუბრობთ, უნდა დავფიქრდეთ, რამდენად მზად ვართ ამისთვის. ჩვენ გვაქვს ევროპული მისწრაფება, თუმცა არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება. ევროპას სურს გაფართოება, თუმცა არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება. შესაბამისად, ორივე მხარეს გვჭირდება სწავლა და გამოცდილების გაზიარება. ამისთვის კი აუცილებელია ინტენსიური დიალოგი და ერთობლივი მუშაობა. ეს არის ჩვენი პოზიცია. ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. იმედი გვაქვს, რომ ევროპელი პარტნიორებიც გააცნობიერებენ ინტენსიური დიალოგისა და პარტნიორებს შორის ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობას - განსაკუთრებით იმ პარტნიორებთან მიმართებით, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.