მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო,
ჩემთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ საქართველოს გენერალურ საკონსულოში და თქვენთან ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ჩვენი ახალი სტარტი სან-ფრანცისკოში, ამ უმშვენიერეს ქალაქში, რომელიც ასოცირდება დიდ იდეებთან და ოცნებების ასრულებასთან.
მადლობას გადავუხდი სან-ფრანცისკოს მერს, ამ დღის ჩვენთან ერთად ყოფნისთვის და დღევანდელი დღის გაზიარებისთვის.
დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა. ჩვენ ვქმნით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება.
სან-ფრანცისკო არის ინოვაციისა და კრეატიულობის გლობალური სიმბოლო, სადაც წარმოსახვა რეალობად გარდაიქმნება და იდეები კომპანიებად იქცევა.
ეს არის ადგილი, სადაც ოცნებები მომავალად შენდება. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ და ვიწყებთ ახალი კავშირების შენებას საქართველოს მზარდი პოტენციალისთვის.
საქართველო პატარა, თუმცა სტრატეგიული ქვეყანაა, რომელიც თავად არის დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის და წარმოების მნიშვნელოვანი მაკავშირებელი დიდ ბაზრებთან.
ჩვენ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ.
ეს დღე პატარა ქვეყნის დიდ ისტორიას ყვება. ჩვენი ისტორია არის სიამაყის, ბრძოლის და ტრანსფორმაციის გრძელი ამბავი.
ჩვენ ამაყები ვართ, რომ ჩვენი ქვეყანა მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რეგიონში ეკონომიკური ზრდის, ახალი შესაძლებლობების და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა.
დღეს საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნად ითვლება ბიზნესის დასაწყებად, რადგან რეგულაციები მარტივია და სახელმწიფო სერვისები კი ციფრულად განვითარებული. ეს ქმნის რეალურ შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის.
საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა სწრაფად ვითარდება - ახალგაზრდები ქმნიან ინოვაციურ ტექნოლოგიურ ბიზნესებს, ხოლო სახელმწიფო და კერძო მხარდაჭერა მათ აძლევს შესაძლებლობას იდეები რეალურ და საერთაშორისო წარმატებად აქციონ.
ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საქართველოს განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული მის მდიდარ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასთან.
ქვეყანა სადაც ღვინო დაიბადა, პატარა ქვეყანა, რომელიც მსოფლიო კულტურას უძველესი ტრადიციებით და უნიკალური მრავალხმიანობით ამდიდრებს.
დღეს ქართულ სტუმარ-მასპინძლობას ამერიკული აქცენტებით შემოგთავაზებთ, მაგრამ ერთ რჩევასაც მოგცემთ, თუ გსურთ ნამდვილი საოცრება იხილოთ, ეწვიეთ საქართველოს.
ეს ხიდი, რომელიც დღეს ოფიციალურად იხსნება უნდა იქცეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების და შესაძლებლობების, არამედ ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების ძლიერ ინსტრუმენტად.