საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო ქალთა სტატუსის შესახებ გაეროს კომისიის 71-ე სესიის (CSW71) მოსამზადებელ რეგიონულ შეხვედრაში, რომელიც ალბანეთის მთავრობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) თანაორგანიზებით გაიმართა. შეხვედრა ჩატარდა ონლაინ ფორმატში.
შეხვედრის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის უზრუნველყოფისა და ქალებისა და გოგონების გაძლიერების მიმართ.
ისაუბრა ქვეყანაში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022–2030) პრიორიტეტებზე, „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის განხორციელებაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობასა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.
ხათუნა თოთლაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაციაზე და მის მძიმე გავლენაზე ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ, ასევე, იძულებით გადაადგილებულ ქალებსა და გოგონებზე. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესებში ქალთა სრულფასოვანი და ეფექტიანი მონაწილეობის მნიშვნელობას.