2023 წლის 3 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, შვედეთის სამეფოს ელჩი ულრიკ ტიდესტრომი მიიღო. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების 2023 წლის დღის წესრიგი, დაგეგმილი უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები, ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
შვედეთის ელჩი მიესალმა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც დადებითად აფასებს ევროკავშირთან საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების ხარისხს, ასევე, ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის ფარგლებში გატარებული რეფორმების ეფექტიანობას. ანგარიში, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის გზაზე, კიდევ ერთხელ, ადასტურებს საქართველოს ლიდერ პოზიციას ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის საკანონმდებლო ჰარმონიზაციისა და სექტორული ინტეგრაციის კუთხით.
ულრიკ ტიდესტრომმა კვლავ დაადასტურა შვედეთის - ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის უპირობო მხარდაჭერის გაგრძელება საქართველოსადმი ევროკავშირთან შეუქცევადი ინტეგრაციის გზაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მომავალი ევროკავშირშია.
მინისტრის მოადგილემ, თავის მხრივ, კმაყოფილებით აღნიშნა შვედურ მხარესთან არსებული აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე ევროკავშირის ფარგლებში. თეიმურაზ ჯანჯალიამ ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და ევროკავშირის თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, შვედეთის მხრიდან, უკრაინასთან ერთად, საქართველოს საკითხების უმაღლეს დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობა.