საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან და უმრავლესობის ლიდერთან მამუკა მდინარაძესთან.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ქართველ დიპლომატებთან გამართა.
ელჩებმა მიხეილ ყაველაშვილს გაპრეზიდენტება მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
სამუშაო შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ქვეყნის განვითარების სამთავრობო გეგმაზე იმსჯელეს. განიხილეს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და დასახული მიზნების მისაღწევად, მთავრობის გეგმები. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, ხელისუფლების პირველმა პირებმა დიპლომატების შეკითხვებს უპასუხეს და მიაწოდეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო საგარეო საკითხებსა თუ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე.
ელჩების კონფერენცია 28 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა. კონფერენცია 30 დეკემბერს დაიხურება.