2023 წლის 2 ოქტომბერს საქართველოსა და ალბანეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო ალბანეთის მხრიდან - ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მეგი ფინო. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-ალბანეთის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას და შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ ფორმატში შეხვედრებს რეგულარული სახე მიეცემა.
ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვისას, ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებათა თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ურთიერთობების გაღრმავებაზე სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში.
კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნებზე და გაცვალეს ინფორმაცია ამ მიმართულებით გადადგმული წარმატებული ნაბიჯებისა და გატარებული რეფორმების შესახებ. საუბარი შეეხო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხსაც - თეიმურაზ ჯანჯალიამ ხაზი გაუსვა ალიანსის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ალბანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ქართულმა მხარემ ალბანეთის დელეგაციას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე. განხილული იქნა უსაფრთხოების გამოწვევები და ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ფონი.
ალბანეთის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით არსებული წარმატებული გამოცდილების გაგრძელების აუცილებლობას.
კონსულტაციებზე ასევე განიხილეს გლობალური პოლიტიკის აქტუალური საკითხები, მათ შორის, სამხრეთ კავკასიისა და ბალკანეთის რეგიონებში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გამოწვევები.