2023 წლის 5 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყებებს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო იტალიის დელეგაციას - მინისტრის პირველი მოადგილე ედმონდო ჩირიელი.
შეხვედრისას მინისტრის მოადგილეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო და მეგობრული კავშირების თაობაზე. ხაზი გაესვა მზადყოფნას ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად, რაც საქართველოსა და იტალიის თანამშრომლობის მზარდი დინამიკის გამოხატულებაა.
მხარეებმა განიხილეს მაღალი დონის ვიზიტების დღის წესრიგი, დასახეს სამომავლო გეგმები და დააფიქსირეს, რომ მზად არიან ამ კუთხით თანამშრომლობისთვის შემდგომი ინტენსიფიკაციის მიზნით. კონსულტაციებისას მხარეებმა მიმოიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის სფეროები, იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და შეთანხმდნენ, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა არსებული ეკონომიკური პოტენციალის სრულად ასათვისებლად. ასევე, ყურადღება გამახვილდა იტალია-საქართველოს შორის ჩამოყალიბებულ დინამიკურ თანამშრომლობაზე თავდაცვის სფეროში და ხაზი გაესვა იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობათა გაძლიერების კუთხით. ამასთან, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ნაყოფიერი თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროში.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირში საქართველოს სამომავლო გაწევრიანების საკითხზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში, რომლის საბოლოო შედეგიც ახლო მომავალში განსაზღვრავს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. თეიმურაზ ჯანჯალიამ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში ევროკავშირისა და პარტნიორი სახელმწიფოების მტკიცე მხარდაჭერის აუცილებლობას. ედმონდო ჩირიელიმ განაცხადა, რომ იტალიისთვის საქართველო ევროპის ნაწილია და დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესსაც. დაფიქსირდა ქართული მხარის მოლოდინები ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით. ასევე, განხილულ იქნა რეგიონში გართულებული უსაფრთხოების გარემო რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფონზე.
პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ იტალიელ კოლეგებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. იტალიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. კონსულტაციებზე მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და კმაყოფილებით აღინიშნეს ამ მხრივ არსებული წარმატებული გამოცდილება. შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე და გამოთქვეს მზადყოფნა ახლო მომავალში საგარეო საქმეთა უწყებებს შორის ორმხრივი კონსულტაციების მომდევნო რაუნდის რომში გამართვის თაობაზე.