Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი: „საქართველო და უნგრეთი კარგად აცნობიერებენ იმ საფრთხეებს, რაც თან ახლავს ქვეყნის სუვერენიტეტზე შეტევას და მისი მტკიცედ დაცვის აუცილებლობას“

„საქართველო და უნგრეთი კარგად აცნობიერებენ იმ საფრთხეებს, რაც თან ახლავს ქვეყნის სუვერენიტეტზე შეტევას და მისი მტკიცედ დაცვის აუცილებლობას“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბუდაპეშტში, უნგრელ კოლეგასთან, პეტერ სიიარტოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მტკიცე მეგობრობასა და ორი ქვეყნის საერთო მიზნებზე.

„ჩვენ გვაერთიანებს სტრატეგიული მიზნები, მშვიდობისადმი ერთგულება და საერთო ღირებულებების დაცვა, რომელსაც თავის დროზე დაეფუძნა ევროკავშირი და რომელსაც დღეს დიდი საფრთხე ექმნება ევროპის კონტინენტზე“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, საერთო მომავლისთვის, სუვერენიტეტის პრინციპის დასაცავად ერთობლივი ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ომის მძიმე შედეგები, რომელსაც დღეს ევროპაში ვხედავთ, განსაკუთრებით ნათლად აჩვენებს პასუხისმგებლიანი და ფრთხილი პოლიტიკის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს შემდგომი არასტაბილურობის თავიდან აცილებას და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს მშვიდობაზე ორიენტირებულ ძალისხმევასა და პოლიტიკას.

გარდა ამისა, ჩვენს მთავრობებს ტრადიციული ღირებულებების დაცვა აერთიანებს - დავიცვათ კონსერვატიული ღირებულებები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ერების ჯანსაღი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.

ეს არ არის ადვილი ამოცანა დღევანდელ სამყაროში და ჩვენ ხშირად ვაწყდებით უსამართლო მოპყრობას ჩვენი მტკიცე და პრინციპული პოზიციების გამო.

ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის მიერ მიღებული კანონების გაუქმების მოთხოვნა, არ შეიძლება იყოს სუვერენულ სახელმწიფოებთან ურთიერთობების წინაპირობა ბრიუსელის მხრიდან,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა და კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიმოიხილა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგი და მიესალმა პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და უნგრეთს შორის სხვადასხვა სფეროში ჩამოყალიბდა.

„ჩვენი პარტნიორობა ორივე ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება და ევროპის უფრო ფართო უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უწყობს ხელს. საქართველოს როლი, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდი, შეუცვლელი რჩება და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით შეიძლება ჩვენი საერთო ინტერესების ეფექტურად დაცვა.“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები