Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

 საქართველოსა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2023 წლის 26 ივლისს, ქ. სოფიაში საქართველოსა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო ბულგარეთის მხრიდან პოლიტიკურ კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტიჰომირ სტოიჩევი.

კონსულტაციებისას მხარეებმა  საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, რასაც საფუძვლად უდევს მრავალსაუკუნოვანი კავშირები და ხალხთაშორისი კონტაქტები. თეიმურაზ ჯანჯალიამ მადლობა გადაუხადა ბულგარელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში კონტრიბუციისთვის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ სადამკვირვებლო მისია ადგილზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია. ასევე  მინისტრის მოადგილემ აღნიშნა  ბულგარეთის მნიშვნელოვანი წვლილი  საქართველოს  ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

ორმხრივი თანამშრომლობის განხილვისას, დადებითი შეფასება მიეცა პოლიტიკურ დონეზე არსებულ ურთიერთობებს.  აღინიშნა მაღალი  და უმაღლესი დონის ვიზიტების დინამიკის გააქტიურების აუცილებლობა. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთის სტრატეგიული მდებარეობიდან გათვალისწინებით, ამ მიმართულებით არსებობს საკმაოდ დიდი აუთვისებელი პოტენციალი. ამ კონტექსტში განხილულ იქნა საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის უფრო მეტად გააქტიურების საკითხი.
 
კონსულტაციებისას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული თანამშრომლობაც განიხილეს. მხარეებმა სამომავლო მჭიდრო ურთიერთთმხარდაჭერის მზაობა გამოხატეს.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ურთიერთობებს, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. შეხვედრაზე მნიშვენლოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს და შემდგომ ნაბიჯებს. ბულგარეთის მხარემ კიდევ ერთხელ დადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისა და ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმართული ძალისხმევისადმი. ორივე მხრიდან ხაზი გაესვა რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას. თეიმურაზ ჯანჯალიამ დეტალურად ისაუბრა 12 პრიორიტეტის შესრულებით კუთხით მიღწეულ პროგრესზე და მიმოიხილა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთებიდან გადადგა. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აღნიშნულ პროცესში პარტნიორთა მტკიცე მხარდაჭერის  მნიშვნელობაზე.

საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ამ კონტექსტში საქართველო-ნატოს თანამშრომლობა. ხაზი გაესვა საქართველოს კონტრიბუციას ნატო-ს სამშვიდობო მისიებში და პარტნიორი ქვეყნების აქტიური თანადგომის აუცილებლობას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

შეხვედრაზე ვრცლად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. თეიმურაზ ჯანჯალიამ მასპინძელ მხარეს დეტალურად გააცნო ადგილზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, მათ შორის მცოცავი ანექსიისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესს და საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ევროკავშირის მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში. 

კონსულტაციების დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებასა და აქტიური კომუნიკაციის შენარჩუნებაზე.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები