Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

UNESCO-ს მიერ 'ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები ' კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში იქნა შეტანილი


UNESCO-ს მიერ „ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები “კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში იქნა შეტანილი. 


გადაწყვეტილება მიღებული იქნა  2025 წლის 10 დეკემბერს, ქ. ნიუ-დელიში, UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე. კომიტეტის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოდან წარდგენილ ნომინაციას და  მიიჩნიეს, რომ იგი სრულად შეესაბამება  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის 2003 წლის კონვენციით დადგენილ ყველა კრიტერიუმს.  


ნომინაცია „ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები“ 2024 წლის მარტში, წარედგინა UNESCO-ს განსახილველად. მისი მომზადება ფართო საზოგადოებრივი ჩართულობითა და უწყებათაშორისი კოორდინაციით განხორციელდა, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც მოხდა ნომინაციის მაღალ დონეზე მომზადება. პროცესში მონაწილეობდა კულტურის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასოციაცია „ქართული ხორბალი“, არაერთი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია და სპეციალისტი.


ქ. ნიუ-დელიში მიმდინარე მთავრობათაშორისი კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია UNESCO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ირაკლი ყურაშვილის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს პარლამენტის წევრები, და იმ უწყებების წარმომადგენლები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ნომინაციის მოსამზადებელ პროცესში.


10 დეკემბერს, კომიტეტის სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა,  რომელმაც  მადლობა გადაუხადა  UNESCO-ს შემფასებელ ორგანოს, ექსპერტებს და კომიტეტის წევრ ქვეყნებს საქართველოს ნომინაციის მხარდაჭერისა და მისი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის აღიარებისათვის.


11 დეკემბერს, სესიის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური ცერემონია. ცერემონიაზე  საქართველოს დელეგაციას  გადაეცემა UNESCO-ს გენერალური დირექტორის ხელმოწერილი სერტიფიკატი, რომელიც  ადასტურებს, რომ  „ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. 


 „ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები“ მეხუთე ქართული ნომინაციაა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2008 წელს არამატერიალური მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილ იქნა „ქართული მრავალხმიანობა“, 2013 წელს   „ქვევრის ღვინის დამზადების  უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი“,    2016 წელს „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“, ხოლო   2018 წელს კი „ქართული ჭიდაობა“ გახდა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის  სტატუსის მფლობელი.

დანართები

    მსგავსი სიახლეები