Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 34-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1575-ე სხდომაზე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 34-ე კონსოლიდირებული ანგარიში  - „კონფლიქტი საქართველოში“. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. 

კონსოლიდირებული ანგარიში ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ წარადგინა. ანგარიში ასახავს 2026 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს. 

მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და მინისტრთა კომიტეტს, კონსოლიდირებული ანგარიშის მიღებისთვის და ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების ევროპის საბჭოს დღის წესრიგში აქტიურად შენარჩუნების აუცილებლობას. მინისტრის მოადგილემ სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმების უკანონო ქმედებების შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების აუცილებლობა. 

ლაშა დარსალიამ ასევე ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ადასტურებს საქართველოს რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპაციას და ეფექტურ კონტროლს. სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევისა და საქართველოს ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის გაძლიერების საკითხი. მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას და დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი.

თავის მხრივ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და დაადასტურა, რომ ევროპის საბჭო, მანდატის ფარგლებში, გააგრძელებს კონსოლიდირებული ანგარიშების მიღების პრაქტიკას.

ვიზიტის ფარგლებში, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალან ბერსესთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და აღნიშნული საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტიურად შენარჩუნების მნიშვნელობა. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების როლს.

დანართები

    მსგავსი სიახლეები