საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული.
ღონისძიების მონაწილეებმა, ქ. გორში, პატივი მიაგეს საფრანგეთის ეროვნული გმირის, ფრანგული საგარეო ლეგიონის ქართველი ოფიცრის ხსოვნას, რომელმაც თავი შესწირა საფრანგეთის თავისუფლებისთვის ბრძოლას.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, საფრანგეთის რესპუბლიკის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, მიკაელ ბუკომ, ქ. გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ და დიმიტრი ამილახვარის შვილიშვილმა, კონსტანტინ კინსიმ.
გიორგი ზურაბაშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობებზე. ყურადღება გაამახვილა 2019 წელს დაფუძნებული მაღალი დონის სტრატეგიულ ფორმატზე, რომელიც სწორედ დიმიტრი ამილახვარის სახელს ატარებს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი“ საქართველოს და საფრანგეთს აკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაფუძნებული იყოს პატივისცემის, თანასწორობისა და პარტნიორობის პრინციპებზე.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა დიმიტრი ამილახვარისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია.