2023 წლის 26 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ჩეხეთის სახელმწიფოებრიობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ჩეხ ხალხს ეს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოსა და ჩეხეთის მეგობრულ კავშირებზე და აღნიშნა, რომ ჩეხეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია, რასაც ქართველი ხალხი ძალიან აფასებს.
მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში, საქართველოსა და ჩეხეთში არაერთი მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდა.
საუბარი ასევე შეეხო ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში კავშირების გაღრმავებას და ამ კუთხით განხორციელებულ პროექტებს. ვლადიმერ კონსტანტინიდიმ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, დღეს, როცა საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს და ამ მხრივ მას აქვს ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი.
„საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებთან არის დაკავშირებული. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ყველა პირობა იმისათვის რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპელი პარტნიორები მხარს დაუჭერენ საქართველოს ამ გზაზე და წლის ბოლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ“ - აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.
მინისტრის მოადგილემ ჩეხეთის ახლადდანიშნულ ელჩს, პეტრ კუბერნატს მისიის დაწყება მიულოცა და თანამშრომლობის მზადყოფნა დაუდასტურა.