მიმდინარე წლის 17 დეკემებრს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას ელჩებთან რიინა კალიურანდთან, ინგრიდა ლევრენცესა და ანდრიუს კალინდრასთან.
მხარეებმა ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დინამიკასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვეს ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების გააქტიურებას. ლაშა დარსალიამ შეშფოთება გამოხატა რუსეთის პროვოკაციული ქმედებების გამო, რაც ემსახურება ვითარების დესტაბილიზაციას და კიდევ უფრო ამწვავებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებას, ადამიანის უფლებების მდგომარეობასა და ჰუმანიტარულ კრიზისს. ამ თვალსაზრისით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებასა და გატაცებებზე, და ხაზი გაუსვა ცხინვალში დაკავებული მამუკა ჩხიკვაძისა და სხვა უკანონო დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას.
საუბარი ასევე შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას ქვეყნის დეოკუპაციისა და გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით. გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობაზე. ყურადღება გამახვილდა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის ფარგლებში მიმდინარე ინკლუზიურ პროცესზე.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა საქართველოს მზადყოფნა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობისთვის და ისაუბრა რეგიონში დასავლეთის ჩართულობის გაძლიერების აუცილებლობაზე.
დასასრულს, ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა საქართველოში ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას ელჩებს მათი მხარდაჭერისათვის და აღნიშნა საერთაშორისო საზოგადოების და განსაკუთრებით ევროკავშირის ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში წინსვლის მიზნით.