Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა

2023 წლის 6 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაციასთან. ევროკავშირის ოცამდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლობით დელეგაციას ხელმძღვანელობს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში, დირკ შუბელი.დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფება ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი გაბრიელ კრემადესი.
 
შეხვედრის მთავარ საკითხს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატი და მისი სამომავლო განვითარების შესაძლებლობები წარმოადგენდა. მინისტრმა დელეგაციის წარმომადგენლებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა გააცნო.
 
მან დეტალურად ისაუბრა ქართული მხარის მიერ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე გატარებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
 
საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის პროცესში ევროკავშირის როლს, მათ შორის ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირების, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში თანათავმჯდომარეობისა და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების გზით. მინისტრის მიერ იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ შეფასდება, ევროპელი პარტნიორები ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საქართველოს მიმდინარე წელს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
 
ამ კონტექსტში, ილია დარჩიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ელჩები მიესალმნენ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპული ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესის გაგრძელების მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციური დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებისთვის.
 
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის 20-მდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია და ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში, ელჩები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.
 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები