2023 წლის 2 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია იტალიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მინისტრის მოადგილემ იტალიელ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა და საქართველო-იტალიის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
მინისტრის მოადგილემ იტალიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში.
„ცოტა ხნის წინ, რომში, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ქართულ-იტალიური მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების თაობაზე, რაც მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს- პოლიტიკას, ეკონომიკას, თავდაცვას, უსაფრთხოებას, კულტურას, განათლებასა და მეცნიერებას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს დიალოგი კიდევ უფრო გააძლიერებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ზემოაღნიშნულ სფეროებში და მზად ვართ ვუმასპინძლოთ საინაუგურაციო სესიას, ახლო მომავალში“. განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იტალიის როლს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას. აღნიშნა, რომ როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით, საქართველოს ყოველთვის აქვს იტალიის თანამდგომის იმედი.
„საქართველოსთვის ამ გადამწყვეტ პერიოდში, როცა ჩვენი ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მინდა ხაზი გავუსვა იტალიის მხარდაჭერის უდიდეს მნიშვნელობას. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ იტალია, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა, რომელიც თამაშობს საკვანძო როლს ევროკავშირის მომავლის ფორმირებაში, კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპებზე“.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ საპარლამენტო თანამშრომლობაზე, ისევე როგორც ეკონომიკის და ვაჭრობის სფეროში დადებითი დინამიკის თაობაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო კავშირებზე და ხაზი გაუსვა ქართულ სკოლებში იტალიური ენის სწავლებასა და იტალიური მხარის მიერ ქართველი სტუდენტებისთვის გამოყოფილ სტიპენდიებს.
თეიმურაზ ჯანჯალიამ საქართველოში იტალიის ელჩს მადლობა გადაუხადა ორი ქვეყნის კავშირების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის.