Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ბათუმში საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია გაიხსნა

დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ბათუმში საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საგარეო მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ, რომელმაც საერთაშორისო დონეზე ქვეყნის პოპულარიზაციაში საპატიო კონსულის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საპატიო კონსულები წამყვან როლს ასრულებენ საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მისი პოპულარიზაციის კუთხით. თქვენ წარმოადგენთ უმნიშვნელოვანეს დამაკავშირებელ რგოლს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის“ - ამ სიტყვებით მიმართა მინისტრის მოადგილემ კონფერენციას, რომელშიც ორმოცზე მეტი ქვეყნის საპატიო კონსული მონაწილეობს.

ხათუნა თოთლაძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ბიზნესმენებთან თუ სხვა გავლენიან პირებთან აქტიური ჩართულობით, საპატიო კონსულებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს ინტერესების დაცვასა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოებთან სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო, ასევე ტურისტული, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებაში.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა თემატური პანელები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენას, ასევე ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციას დაეთმო. კონფერენციის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნას ითვალისწინებს. ყურადღება გამახვილდა მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციის პროცესზე. საპატიო კონსულები საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, საგარეო ვაჭრობის დინამიკასა და განვითარების ტენდენციებსაც გაეცნენ.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციის ფარგლებში, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მთავარი პრიორიტეტია და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად იქცეს. შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რაც უზრუნველყოფს საქართველოს, როგორც სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციასა და საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

ღონისძიების ფარგლებში ცალკე პანელი დაეთმო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ შესაძლებლობებს. ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირისა და აშშ-ის დაფინანსებით საქართველოში განხორციელებული მასშტაბური პროექტები, ასევე სხვადასხვა ქვეყნებთან წარმატებით მოქმედი გაცვლითი და სასტიპენდიო პროგრამები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრია და შესაბამისად, ხელს უწყობს საქართველოს და რეგიონის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ საპატიო კონსულების პირველი კონფერენცია 2022 წელს გაიმართა. დღეისათვის საქართველოს 65 ქვეყანაში 90 საპატიო კონსული ჰყავს. წელს საქართველოს საპატიო კონსულების ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდა, კერძოდ, საპატიო კონსულები დაინიშნნენ პოლონეთში, აშშ-სა და ხორვატიაში. საპატიო კონსულის ინსტიტუტი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პარტნიორ ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის წახალისების თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა საქართველოს, როგორც სტაბილური და მიმზიდველი დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციის საქმეში.

დანართები

    მსგავსი სიახლეები