2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული რთული ვითარება და რუსეთის მხრიდან განხორციელებული უკანონო და პროვოკაციული ქმედებები. ყურადღება გამახვილდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით მოსკოვის მიერ გააქტიურებულ ნაბიჯებსა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესზე, ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ხანგრძლივი ჩაკეტვის მძიმე შედეგებზე. აქცენტი გაკეთდა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და უკანონო დაკავებებზე. ხაზი გაესვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლად გათავისუფლების აუცილებლობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას და მოლაპარაკებების პროცესში ხელშესახები პროგრესის მიღწევის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით, აქცენტი გაკეთდა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის ფარგლებში მიმდინარე ინკლუზიურ სამუშაო პროცესზე.
ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა დასავლეთის აქტიური ჩართულობის საჭიროებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად.