2026 წლის 23 აპრილს, საბერძნეთის რესპუბლიკაში მიმდინარე "დელფოსის ეკონომიკური ფორუმის" ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო სესიაში სახელწოდებით - „დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი.“
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ისაუბრა ევროპული უსაფრთხოების გაძლიერების საკითხზე და ხაზი გაუსვა, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბრისას არ უნდა გაიმიჯნოს ევროკავშირი და მის მიღმა მყოფი ქვეყნები, ვინაიდან ევროკავშირის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე.
"პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე საუბრისას, აუცილებელია განვიხილოთ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები. ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბრისას, ჩვენ არ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ევროკავშირი და მისი არაწევრი ქვეყნები, რადგან ჩვენ საერთო საჭიროებები და საერთო ინტერესები გაგვაჩნია. თუ გადავხედავთ 2008 წელს და მანამდე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენას ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ცხადი ხდება, რომ ევროკავშირის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. ამავდროულად, საქართველოს უსაფრთხოება შეუძლებელია განიხილებოდეს ევროკავშირის უსაფრთხოებისგან დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომ, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ.“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი და სამხრეთ კავკასია, ამასთან, თანამედროვე უსაფრთხოება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სამხედრო კომპონენტით და მოითხოვს უფრო ფართო, მრავალმხრივ მიდგომას.
„დღეს უსაფრთხოება მხოლოდ სამხედრო ძალასა და შესაძლებლობებს აღარ გულისხმობს, უსაფრთხოების გააზრება აუცილებლად მოიცავს ეკონომიკურ მედეგობას, დაკავშირებადობასა და მდგრად განვითარებას. თუ რუკას შევხედავთ, დავინახავთ მკრთალ, თუმცა ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ხაზს, რომელიც შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაზე გადის. ეს არის ევროპული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი, სწორედ ასე ვხედავთ მას, რადგან ჩვენ საკუთარ თავს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად მივიჩნევთ.“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა, თავის გამოსვლაში მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს დაუთმო: „საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა მტკიცეა, ეს ჩვენი იდენტობის ნაწილი და ისტორიული არჩევანია. ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი.“
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაფართოების პროცესი უნდა განიხილებოდეს ფართო გეოპოლიტიკურ ჭრილში.
„გაფართოება არის გეოპოლიტიკური პროცესი და აუცილებლობა და ის არ უნდა შეეწიროს ვიწრო ბიუროკრატიულ ან ტექნოკრატიულ მიდგომებს, რადგან თუ ჩვენ დავუშვებთ მოვლენების ამგვარ განვითარებას, ჩვენ ხელვყოფთ თავად გაფართოების იდეას. გაფართოება არ წარმოადგენს თვითმიზანს - ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც ვიყენებთ უფრო მნიშვნელოვანის მისაღწევად, რაც არის საერთო უსაფრთხოება და ჩვენს გარშემო არსებული საერთო მშვიდობა.“ - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და რთულ გეოპოლიტიკურ გარემოზე.
„საქართველოს უკიდურესად რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს არსებობა და ამ პირობებშიც კი, საკმაოდ მტკიცე პოლიტიკის წყალობით, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა, მათზე არაერთი თავდასხმის ფონზე. ჩვენ ასევე მივაღწიეთ მდგრად განვითარებას, რაც ნიშნავს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას.“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დასასრულს, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, რათა უზრუნველყოს მყარი საფუძველი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
„ჩვენ ორიენტირებულნი ვართ განვითარებაზე და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებზე, რათა საბოლოოდ შეიქმნას მყარი საფუძველი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სამუშაო სესიაში, ასევე მონაწილეობდნენ მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიჰაი პოპშოი, საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკომისარი, დიმიტრის ავრამოპულოსი, ავსტრიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის მკვლევარი, ივან ვეივოდა და ევროპის მომავლის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ივანა დრაგიჩევიჩი. დამსწრე საზოგადოებას, ასევე სიტყვით მიმართა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა.